მერეთის თემის სოფლებში საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტი მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

პროექტის ფარგლებში მდინარე პატარა ლიახვზე გაკეთდა გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობა; აშენდა ოთხი სატუმბი სადგური; მოეწყო 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი და წყალგამშვები კვანძები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი.

ახალი საირიგაციო ქსელით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის - მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას 282 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

2012 წლიდან შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 45 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 20 855 ჰექტრამდეა გაზრდილი.