დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები.

უწყების ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცელი ინფორმაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

„განსაკუთრებულად დადებითად აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებული დასრულება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.