3 წლის კომპანია, რომელსაც საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს - „დასტას“ წარმატების ისტორია

3 წელია საქართველოში საქმიანობს პირველი „კერძო არქივი“ - საქმის წარმოებისა და არქივის მართვის კომპანია. „დასტა რექორდს მენეჯმენტი“ მომხმარებელს დოკუმენტების შენახვას, მათ სკანირებასა და უსაფრთხო განადგურებას; ასევე დოკუმენტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.

უფრო დეტალურად, კომპანიის სერვისებზე, ისტორიაზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე - „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან შველიძე ესაუბრა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში ეს საქმიანობა საკმაოდ წარმატებული ბიზნესია, ხოლო ქართულ ბაზარზე მსგავსი მომსახურება არ არსებობდა, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბიზნესის წამოწყების იდეა გაუჩნდა. „დასტა“ 2014 წელს ქართველი და უცხოელი ინვესტორების მიერ დაარსდა. ამ ეტაპზე, საქართველოში სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტი არ გვყავს. რაც შეეხება საქმიანობას, მომხმარებელს ვთავაზობთ საარქივო მომსახურებას, დოკუმენტაციის ჩვენს საცავში დაარქივებას, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია,“-აცხადებს შველიძე.

სირთულეები

კომპანიის დაარსებისას, როდესაც საქმიანობას თავიდან იწყებ, რთულია მოიპოვო ნდობა და ორგანიზაციამ განდოს საკუთარი დოკუმენტაცია, რომელიც ხშირად კონფიდენციალურ ინფორმაციასაც შეიცავს. თუმცა, ამ სირთულეს თავი გავართვით და დღეს არაერთ კომპანიასთან, მათ შორის დიდ ბიზნესებთანაც ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, მთავარი სირთულე მაინც მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობაა. ბევრისთვის რთულია გაიგოს თუ რას ნიშნავს კერძო არქივი, რა საჭიროა ჩვენი მომსახურება და ა.შ.

რა სერვისს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

„დასტა“ არის კლიენტზე მორგებული კომპანია და ვცდილობთ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. რაც შეეხება სერვისებს, მომხმარებელს ვთავაზობთ დოკუმენტების დაარქივებას, ელექტრონული არქივის შექმნას, ასევე ვადაგასული დოკუმენტების კონფიდენციალურ განადგურებას. გვქონია ისეთი პროექტებიც, როდესაც შიდა, საკუთარი არქივის მოწესრიგებაში დავეხმარეთ კომპანიას, შევუქმენით დოკუმენტაციის კატალოგი, (ელექტრონული ბაზა) რითაც უფრო მარტივი გახდა არქივით სარგებლობა. გარდა ამისა,“დასტა“ მომხმარებლებს სთავაზობს, დოკუმენტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის დახმარებითაც კლიენტებს თავიანთ დოკუმენტებთან მარტივი და სწრაფი წვდომა აქვთ.

კომპანიის მთავარი მიღწევა და უპირატესობა

ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს არჩევანში არასოდეს ვზღუდავთ. შესაძლოა, დოკუმენტაციის მართვის თვალსაზრისით ისეთი რამ სურდეთ, რაც არასდროს გაგვიკეთებია. თუმცა, დაკვეთის შემთხვევაში მზად ვართ პროექტი ისეთ კადრს ჩავაბაროთ, ვინც მის ხარისხიან შესრულებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება მიღწევას, პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობა იყო, რომელიც ჩვენი პირველი მსხვილი პარტნიორი გახდა. ამის შემდეგ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკება ბევრად გამარტივდა. შემდეგ იყო „საქართველოს ბანკი“, რაც კომპანიის მეორე მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მომსახურება

ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და იმ სერვისებზე, რასაც მომხმარებელი ითხოვს.

„დასტა“ მონაწილეობს „ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“. რას ელით პროექტისგან?

ჩვენი კომპანია წარდგენილია „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ორ ნომინაციაში - „წლის მცირე ბიზნესი“ და „წლის ბიზნესი“. კონკურსში მონაწილეობის უპირველესი სურვილი არის გამარჯვება და რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება თუ ამ მიზანს მივაღწევთ. ამასთან, ეს კარგი საშუალებაა, რომ კომპანია უფრო ცნობადი გახდეს და ვფიქრობ, ჩვენი ცნობადობა, საკმაოდ სწრაფად იზრდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ. უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალ ორგანიზაციასთან დავიწყებთ თანამშრომლობას. რამდენიმე თვის წინ ავაშენეთ საკუთარი არქივი თბილისში, რომელიც მომავალ წელს მთლიანად ათვისებული იქნება. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა, დამატებითი საარქივო სივრცის აშენება დავიწყოთ. ასევე ვიცით, რომ აზერბაიჯანშიც არ არსებობს კერძო არქივის მომსახურება და იდეის დონეზე მეზობელ ქვეყნებში ფილიალის გახსნაზეც ვფიქრობთ. ასევე მიზნად ვისახავთ მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურების შეთავაზებას, რაც ჩვენს თანამშრომლობას უფრო ეფექტურს გახდის.

თაია არდოტელი