"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

ცოტა ხნის წინ შეიქმნა მოძრაობა, რომლის მიზანი თამაშდამოკიდებულთა გადარჩენაა.

მოძრაობაში დედები გაერთიანდნენ; ქალები, რომელთა შვილები,­ მეუღლეები და ოჯახის სხვა წევრები­ აზარტმა ჩაითრია. თამრიკო ჯაფარი­ძემ დაკარგული შვილის დასაბრუნებლად­ ტირილსა და დარდს მოქმედება ამჯობინა. ასე ჩაეყარა საფუძველი მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

თამრიკო ჯაფარიძე, სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი:

- მეც ლუდომანის დედა ვარ, როგ­ორც სხვა ბევრი. გამწარებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რითიც ჩემსა და სხვის შვილებსაც ვიხსნიდი აზარტული თამაშების კლანჭებისგან. ასე მომივიდა იდეა, დამეფუძნებინა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

მალევე გამოჩნდნენ თანამებრძოლები. ნელ-ნელა გაიზარდა ეს წრე და გარდა საქართველოსი, იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოგვიერთდნენ ქართველი ემიგრანტი ქალები. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და საკითხი სამთავრობო გუნდთან განსახილველად გავიტანეთ. ამ ეტაპზე იქმნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ, რომელშიც ჩვენი მოძრაობაც მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ კანონპროექტის დეტალები, გამოვთქვით შენიშვნები, ერთ-ერთი მუხლი მეტად საფრთხილოა, ის გულისხმობს აზარტული­ თამაშების აკრძალვას 21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რასაც არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, ასაკი 40 წლამდე გაიზარდოს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა.

ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ახლახან ჩაატარა კვლევა არასრულწლოვან მოთამ­აშეებთან, სკოლის მოსწავლეებთან. შედეგი კატასტროფული და საგანგაშოა - მოსწავლეთა 15% დამოკიდებულია აზარტულ ონლაინთამაშებზე.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- თუ მთავრობა გამოიჩენს კეთილ ნებას და ამაში ჩაერთვება ყველა მოქ­ალაქე, აუცილებლად დავიხსნით თავს აზარტული თამაშების ჭაობიდან. მოთხოვნა ასეთია:

საქართველოს მოქალაქეს აეკრძალოს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ყველა მსგავსი დაწესებულება დედაქალაქიდან გადავიდეს ქალაქგარეთ; შეიქმნას მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, რათა დაწესებულებაში შესვლის მცდელობისთანავე იქნეს პიროვნება იდენტიფიცირებული, აიკრძალოს სარეკლამო სივრცე მედიასაშუალებებში. აუცილებლად უნდა შექმნას მთავრობამ მოთამაშეთა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი. ვითხოვთ, სკოლებში ტრენინგების ციკლის დაწყებას აზარტული თამაშების საფრთხეების შესახებ. აუცილებელია, ამოქმედდეს მაკონტროლებელი ბერკეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა დასწრებას.

უნდა აიკრძალოს ონლაინთამაშების ვებ­გვერდები. ეს იგივე მინიკაზინოა. მივმართავ ყველა დედას, იყავით ფხიზლად! შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ თამაშის წინააღმდეგ. მთავარია, არ შეგრცხვეთ ამ პრობლემის გამხელა. ეს დაავადებაა და შველა უნდა. ოჯახის თანადგომით, საზოგადოებისგან გაურიყავად და მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით გადავარჩენთ დაავადებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს. იხილეთ გაგრძელება