"სათამაშოებთან დაკავშირებით ცალკე დირექტივა უნდა დაინერგოს"

”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია ამოვიღოთ".

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.

"სახელმწიფო უკვე ახორციელებს ცვლილებებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსში, რომელიც ჩვენ მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან გამოვითხოვოთ, ამოვიღოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, მსგავს პროდუქტებზე, როგორიცაა სათამაშოები, განხორციელდება ზედამხედველობა. 2019 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გვექნება აღნიშნულთან დაკავშირებით ზედამხედველობაზე ვალდებულება, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც კი კოდექსში ეფექტურ მექანიზმს დავნერგავთ და გვექნება საშუალება ბაზარზე ზედამხედველობა განვახორციელოთ არა მარტო სათამაშოებზე, არამედ ნებისმიერ ინდუსტრიულ პროდუქციაზე, მოხდება დანერგვა აღნიშნული დირექტივის, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას სათამაშოების ბაზარზე",- განაცხადა არველაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების გატანა უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე მოხდება და შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.

არველაძის განცხადებით, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა, საუბარია ნებისმიერ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტზე, მოხდება ბაზარზე ზედამხედველობა.

"ნებისმიერ ინდუსტრიულ პროდუქციაზე განხორციელდება ის სადამსჯელო ღონისძება, რომელიც დეტალურადაა გაწერილი იმ პროექტში, რომელსაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ და შემდეგ კი - პარლამენტს. ეს არ შეეხება კონკრეტულად სათამაშოებს. სათამაშოებთან დაკავშირებით ცალკე დირექტივა უნდა დაინერგოს და აღნიშნულ დირექტივას დავნერგავთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იარსებებს ეფექტური მექანიზმი ზედამხედველობის განხორციელებისთვის", - განაცხადა არველაძემ.