სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 306.8 მილიონი ლარი შეადგინა

გასულ თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2%-ით ანუ 24.2 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მილიონი დოლარი, ანუ 306.8 მილიონი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (40.7 მილიონი ამერიკული დოლარი); იტალია (13 მლნ); საბერძნეთი (13 მლნ); აშშ (12.6 მლნ) და ისრაელი (11.6 მლნ).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მილიონი ამერიკული დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, მაშინ როცა გასული წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი - 15.3 მილიონი ამერიკული დოლარი (35.4 მლნ ლარი) იყო.