რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატების ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გახდა შესაძლებელი.

კახა კალაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

- მოკვლევის თანახმად, კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 31 იანვარს წარადგინა. დეკლარაციის თანახმად, კალაძე ფლობს ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, საცხოვრებელ სახლს სამტრედიაში, ორ აგარაკს წყნეთში, მიწის ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში, ორ-ორ ნაკვეთს - ბაკურიანსა და წყნეთში, გარდა ამისა, ერთი ნაკვეთი ასევე წყნეთში 298 000 დოლარად შეიძინა, ბაკურიანში კი 2 000 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი 80 000 დოლარად. მის საკუთრებაშია ასევე: კიევში მდებარე 2 ბინა და მიწის ნაკვეთი.

კალაძე ფლობს ასევე Harley Davidson Spinger (25 000 ევრო); Harley Davidson Bobber (20 000 ევრო); Harley Davidson V Rod (28 000 ევრო); Bentley Continental (135 000 ევრო); Mercedec G63 (140 000 ევრო); Ferrari GTO (360 000 ევრო), Flat 500 Bi Posto( 50 000 ევრო), Mercedes Benz AMG GTS (145 000 ევრო). კახა კალაძის მფლობელობაშია ასევე ლადო გუდიაშვილის 190 000 ამერიკული დოლარის ღირებულების 3 ფერწერული ტილო, ასევე ელენე ახვლედიანის 3 ნამუშევარი, რომელთაგან ერთი აჩუქეს, 2-ში კი 55 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს კალაძეს სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა 3 604 614 აშშ დოლარი და 5 052 219 ევრო, მეუღლეს ანა არეშიძეს კი 31 302 ევრო. ასევე ნაღდი ფულით დანაზოგის სახით 20 000 დოლარი. რაც შეეხება ბიზნესსინტერესებს, კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული შპს Kala capital limited-ის და შპს კოლხეთის 100%-იანი წილის მფლობელია. მანვე 2016 წელს უკრაინაში რეგისტრირებული შპს “იუკას” 33%-იანი წილის ფლობიდან შემოსავლის სახით 480 000 ამერიკული დოლარი; ხოლო “ნესტ გრუპის” 50%-იანი წილის ფლობიდან 250 000 ათასი ევრო მიიღო. კალაძემ 2012 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე “ქართულ ოცნებას” არაფულადი და ფულადი სახით ჯამში 165 550 ლარი შესწირა.

ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - როგორც მოკვლევაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მონაცემებით, უდუმაშვილი თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე ბინასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობელია.

ელენე ხოშტარია („ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო“) - 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ხოშტარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ტაბახმელასა და იყალთოში, ასევე საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში და აგარაკი იყალთოში. ხოშტარიას მეუღლე ირაკლი ბერიძე კი ფლობს 2-2 ბინას თბილისში სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებზე, ასევე ბერიძე თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინის თანამესაკუთრეცაა. ელენე ხოშტარიამ 2017 წლის 16 მაისს “ევროპულ საქართველოს” 5 000 ლარი შესწირა.

ალექსანდრე ელისაშვილი (თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი) - მოკვლევის თანახმად, ელისაშვილი თბილისში, ვეძინის 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 143 კვ. მეტრი ფართობის თანამესაკუთრეა მანანა მელიქიშვილთან და თამარ კილასონიძესთან ერთად.

ირმა ინაშვილი („დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) - როგორც მოკვლევაშია აღნიშნული, 2017 წლის 13 იანვარს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინაშვილი ფლობს თბილისში, 330 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და ბაზალეთში 2 100 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს, რომლებიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მის საკუთრებაშია ასევე 49 კვ. მეტრი ფართობის ბინა ლიკანში. ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილი კი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინასა და არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. ამასთან, ირმა ინაშვილი “მედია-სახლ ობიექტივის” 28.5%-იანი წილის მფლობელია.

კახა კუკავა („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა ‐ დემოკრატიული მოძრაობა ‐ თავისუფალი საქართველო“)

- მოკვლევის მიხედვით, კახა კუკავას სახელზე საჯარო რეესტრში ქონება არ ირიცხება. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კი, კუკავას დედა - დალი შენგელია წყნეთში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. დეკლარაციის შევსების შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში, კუკავამ ბადრი ნიაურთან ერთად დააფუძნა შპს “ნიაური და კომპანია” - საადვოკატო/იურიდიული მომსახურების კომპანიაში კუკავას 50% ეკუთვნის, ისევე როგორც 2014 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს “ნიკოლაძე და კუკავაში”. ამასთან, კუკავას და ნუნუ კუკავა შპს “სანდო კონსალტინგის” 100%-იანი მეწილეა. კახა კუკავამ 2012 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით “თავისუფალ საქართველოს”, “ახალ მემარჯვენეებს”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს” ჯამში 43 ათას ლარზე მეტი შესწირა.

გიორგი ვაშაძე („გიორგი ვაშაძე ‐ ერთობა ახალი საქართველო“) - გიორგი ვაშაძის მიერ 2016 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას, ავტოფარეხს და არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. ამასთან, მოკვლევის თანახმად, 2012-2015 წლებში ვაშაძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ჯამში 20 500 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულობა სამჯერ აქვს განხორციელებული.

გიორგი გუგავა („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

- საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი გუგავას საკუთრებაშია თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე მდებარე ბინა. მანვე 2012-2014 წლებში “ლეიბორისტული პარტიის” სასარგებლოდ ჯამში 30 900 ლარის ოდენობით ხუთი ფულადი შემოწირულობა განახორციელა.

თენგიზ შერგელაშილი (შენების მოძრაობა) - როგორც მოკვლევაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თენგიზ შერგელაშვილის სახელზე ქონება არ არის რეგისტრირებული. 2015 წელს შერგელაშვილმა რესპუბლიკურ პარტიას 100 ლარი შესწირა.