მარკეტინგი 21-ე საუკუნეში და მისი თანამედროვე ხერხები

21-ე საუკუნეში ციფრული მარკეტინგი რეკლამირების ყველაზე ეფექტური და მიღებული მიმართულებაა. ციფრულ მარკეტინგს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ბევრად უფრო დიდი შედეგის მოტანა შეუძლია.თუმცა ციფრულ რეკლამირებაშიც არსებობს ინოვაციური მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოში ნელ-ნელა ინერგება.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი სიახლეა ციფრულ მარკეტინგის წარმოების წარმატებული პროგრამის Ad Ocean-ის საქართველოში შემოტანა. აღნიშნული პროგრამა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ის არის რეკლამის განთავსების ნამდვილად მოწინავე ინსტრუმენტი ვებსივრცეში.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ სპიკერები ვორქშოპზე, სახელად ”ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები”, რომელიც ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში "პალიტრა მედიის" ორგანიზებით გაიმართება. პრეზენტაციაზე მოწვეულ სპიკერებად წარსდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ვებდიზაინერი ლევან ტაბატაძე და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.

კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე: ”თანამედროვე სამყაროში ციფრული მარკეტინგის საჭიროება იზრდება. შესაბამისად, დამკვეთების მოთხოვნაც იზრდება და მნიშვნელოვანია, მათ შევთავაზოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. სწორედ ამ ახალ ინსტრუმენტებზე იქნება საუბარი ჩემს პრეზენტაციაში. ესენია სამიზნე აუდიტორიის შეზღუდვა, ბანერები და მათი გამოჩენის საშუალებები. ამ შესაძლებლობებს ციფრული მარკეტინგი აჩენს. ტრადიციული საშუალებებით სასურველი შედეგის მიღწევა კი გართულდა. ამიტომ მოწინავე კომპანიები სრულად ციფრულ მარკეტინგზე გადადიან. ის ხარჯთეფექტურია და ანალიზის გაკეთების მარტივ შესაძლებლობებს იძლევა.”

"პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი: ”ჩემი პრეზენტაციის თემაა ”ტროას ცხენის ეფექტი თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში”. მარკეტინგულ ბაზარზე ბუნებრივი, ე.წ. native ad-ის წილი მზარდია. ციფრული თუ ვიდეო მარკეტინგი მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნებს პირველ ადგილზე აყენებს. ჩვენც უამრავ თანამედროვე ეფექტს ვიყენებთ სრულყოფილი კონტენტის შესაქმნელად. განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ ვიდეო მარკეტინგზე, რომლის დახმარებითაც ვზრდით ბრენდის პოპულარობას და ორიენტირებული ვართ ლოიალურ მომხმარებელზე. სწორედ ორიგინალური ვიდეო კონტენტის შექმნის შესაძლებლობებსა და კონტენტის სწორ ვიზუალიზაციაზე ვისაუბრებ ვორქშოპზე.”

ვებდიზაინერი ლევან ტაბატაძე: ”ვორქშოპზე მე ვისაუბრებ მართვად ბანერებზე. მათი გამოყენებისას მენეჯერებს საშუალება ექნებათ, რომ მართონ საკუთარი ბანერები არა მხოლოდ ერთ საიტზე, არამედ ერთიან სისტემაში მოაქციონ სხვადასხვა ვებგვერდზე არსებული ბანერები. ეს შესაძლებლობა დროისა და ფინანსების დაზოგვის საუკეთესო საშუალება გახდება. საქართველოში ნამდვილად ინოვაციური შეთავაზებაა. მსგავსი ინოვაციები ქართული ბაზრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ვორკშოპი ტარდება. ზოგადად, ტრადიციული მეთოდები და საშუალებები აქტუალობას კარგავენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი საზოგადოება ინოვაციურ ინსტრუმენტებს იცნობდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ”პალიტრა მედიის” მიერ ორგანიზებული ვოკრშოპიც.”

თითოეული მიწვეული სპიკერი 15 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგება დამსწრე აუდიტორიის წინაშე. ვორქშოპს 100-მდე მოწვეული სტუმარი, სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.