სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილიპოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, 9 ადგილობრივ და 3 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის, ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები, ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი, თავისუფალი არჩევანი.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსახილველად წარადგინა შემდეგი საკითხები - შემომწირველების შესწავლის მიმდინარეობის განხილვა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ შემოსული 15 საჩივრის/ინფორმაციის განხილვა და აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების პრეზენტაცია; ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ ინფორმაციის წარმოდგენის პროცესის მიმდინარეობის შესახებ და წარმოუდგენლობის გამო, პირველ პერიოდში 37 დამოუკიდებელი კანდიდატის, ხოლო მეორე პერიოდში - 24 დამოუკიდებელი კანდიდატისა და 2 პოლიტიკური პარტიის დაჯარიმების შესახებ.

ასევე შეხვედრაზე წარადგინეს ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზის შესახებ, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6 - კვირიან პერიოდში.

„შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხზე, როგორც საარჩევნო ფინანსების მონიტორინგის, ასევე სამსახურის განვითარებისა და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.