თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი დავით ნარმანიას საშუალო თვიურ შემოსავალს 1.9-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაქტ-მეტრი“ ავრცელებს.
გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობას 2005 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე იკავებდა. მისი მერად დანიშვნის პერიოდში (2005 წელს) მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 300 ლარი იყო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერის ანაზღაურება 2 800 ლარი გახდა; 2008 წლის 1 იანვრიდან – 3 540 ლარი; 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე კი მერის ხელფასი 3 180 ლარითაა განსაზღვრული.
რაც შეეხება პრემიებს, უგულავას საპრემიო თანხა განსაკუთრებით იზრდებოდა 2009 წლიდან. ყოფილი მერი 2009 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა და მისი თვიური ოდენობა 3 186 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2009 წლის დეკემბერში, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მერის განკარგულებით მერიაში 435 020 ლარის პრემია გაიცა (მერზე, მერის მოადგილებზე, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე). თავად მერმა კი პრემიის სახით 10 620 ლარი აიღო.
უგულავამ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით ჯამში 327 571 ლარი (თვეში საშუალოდ 3 211 ლარი), ხოლო პრემიის სახით – 303 920 ლარი (თვეში საშუალოდ 2 980 ლარი) მიიღო. სულ, 2005-2013 წლებში, მისი შემოსავალი 631 491 ლარი (თვეში საშუალოდ 6 191 ლარი) იყო.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, დავით ნარმანია გახდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ამჟამინდელ მერს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში პრემია-დანამატი არ აუღია. მისი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება კი 3 175 ლარია. ამდენად, გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი მოქმედი მერისას 1.9-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ნარმანიას საშუალო თვიურ შემოსავალს 2.3-ჯერ აღემატებოდა, მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის საშუალო თვიური შემოსავალიც (7 487 ლარი). მერის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე 2014 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით ასრულებდა. რა პერიოდშიც (7 თვის განმავლობაში) თანამდებობრივი სარგოს სახით – 15 904 ლარი, პრემიის სახით – 13 050 ლარი, დანამატის სახით კი - 23 456 ლარი აიღო. სულ, მისმა შემოსავალმა აღნიშნული დროის მონაკვეთში 52 410 ლარი (თვეში საშუალოდ 7 487 ლარი) შეადგინა.
რაც შეეხება ვიცე-მერსა და მერის მოადგილეებს, ნარმანიას მერად არჩევამდე, 2012 წლიდან - 2014 წლის ივლისის ჩათვლით ვიცე-მერისა და მერის მოადგილეების ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე 1 021 274 ლარი დაიხარჯა, ხოლო ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით ვიცე-მერისა და მოადგილეების მიერ მიღებულმა თანხამ 1 169 548 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2012-2013 წლებში მერს 6 მოადგილე ჰყავდა, 2014 წელს – 4, 2015 წელს 3 ვიცე-მერი და 5 მოადგილე, 2016 წელს – 7 მოადგილე, 2017 წელს კი 4 მოადგილე ჰყავს.
წყარო: factcheck.ge