"მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც  არქიტექტურის სამსახურში განმცხადებლებად გვევლინებიან"

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც ასევე გვევლინებიან განმცხადებლებად არქიტექტურის სამსახურში - ზონალურ საბჭოში. ასევე, პარალელურად ეწევიან საქმიანობას სამშენებლო ბიზნესში არქიტექტურის კუთხით. მაგალითად, არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსებმა ნინო ღოღობერიძემ, დიმიტრი მოსულიშვილმა და ლევან ძაგნიძემ 2014-2017 წლებში საერთო ჯამში ზონალური სტატუსის ცვლილებაზე 11 თანხმობა მიიღეს.

"ზონალურ საბჭოში მოწვეული წევრების კუთხით, ვხვდებით არაერთ შემთხვევას, როცა მოწვეული ექსპერტები თავად გვევლინებოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებად, განმცხადებლებად საბჭოში, კონკრეტული პროექტების ავტორებად და არქიტექტორებად", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზონალურ საბჭოში არ არის ეფექტურად უზრუნველყოფილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია.

ორგანიზაციის განცხადებით, ზონალური საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხვდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ან წარსულში იყვნენ დაკავშირებული მმართველ პოლიტკურ პარტიასთან. ეს პირები ასევე არიან მმართველი პარტიის შემომწირველები. განსაკუთრებით საინტერესოა უმრავლესობის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებთან - ივლიანე წულაია, გრიგოლ ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული შემთხვევები. საერთო ჯამში, საბჭომ მათ მიმართ 10-მდე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც თბილისის მასშტაბით არსებულ ტერიტორიებს შეეცვალათ ზონალური სტატუსი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება გახდა შესაძლებელი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2014-2017 წლების საქმიანობა შეისწავლა.