„ქართული ოცნების“ რომელი დეპუტატებისა და შემომწირველების სასარგებლოდ შეეცვალა თბილისში ტერიტორიებს ზონალური სტატუსი

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები გვხვდებიან. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, ზონალური საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხვდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ან წარსულში იყვნენ დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ პარტიებთან.

”განსაკუთრებით საინტერესოა უმრავლესობის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებთან - ივლიანე წულაია, გრიგოლ ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული შემთხვევები. საერთო ჯამში, საბჭომ მათ მიმართ 10-მდე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც თბილისის მასშტაბით არსებულ ტერიტორიებს შეეცვალათ ზონალური სტატუსი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება გახდა შესაძლებელი”,- ნათქვამია კვლევაში.

”კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არის უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების პრევენცია. კარგი იქნება, თუკი თბილისის მერია მეტი ყურადღებით მოეპყრობა ზონალური საბჭოს დაკომპლექტებას და მოიკვლეს საბჭოში შემავალი წევრების ბიზნესსაქმიანობასა და ბიზნესინტერესებს. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ რაიმე შეიცვალა საკანონმდებლო კუთხით, ასევე არ გამკაცრებულა საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი, ბუნებრივია, შესაძლებელია ახლაც გვყავდეს "ზონალურ საბჭოში" წევრები, რომლებთანაც ანალოგიური კითხვის ნიშნები იქნება", - განაცხადა „საერთაშოროსო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა მკვლევარმა ლაშა სენაშვილმა.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მმართველო პარტიის შემომწირველთა სიაში არიან, შპს "არქი ჰოთელსის" მეწილე ირაკლი ქაფიანიძე, რომელსაც "ზონალურმა საბჭომ" 4 განცხადება დაუკმაყოფილა. მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული. ასევე შპს "ჯეო ლიტ ინვესტის" მეწილე ვალერი გელაშვილი, რომელსაც მმართველი პარტიისთვის 90 000 ლარი აქვს შეწირული. ასევე, შპს "არქი ბაგების" მეწილე ივლიანე წულაია, და შპს "არქი საბურთალოსა" და "ჯიბი ინვესთმენთს"-ის მეწილე თენგიზ წულაია. ასევე, შპს "იბერკომპანის" და "არქი თაუერის" მეწილე ბექა კიკალეიშვილი. მას "ზონალურმა საბჭომ" 2 განცხადება დაუკმაყოფილა. ასევე, 2 განცხადება აქვს დაკმაყოფილებული შპს "შენება XXI საუკუნის“ მეწილეს დავით მიქაძეს, რომელმაც მმართველ პარტიას 20 000 ლარი შესწირა. ასევე, 2 განცხადება აქვს დაკმაყოფილებული შპს "მონოლით ჯგუფის" მეწილეს ზაზა იჩქიტიძეს, რომელსაც მმართველი პარტიისთვის 20 ათასი ლარი აქვს შეწირული. ასევე, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ანგარიშში მიხვდნენ: შპს ალიანსის" მეწილე აკაკი სონგულია, შპს "ბურჯის" მეწილე გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე თეა დოლიძე, მათ ზონალური საბჭოს მიერ თითო-თითო განცხადება აქვთ დაკმაყოფილებული.