საკონსტიტუციო სასამართლომ 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იურისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა თქმითაც, ამ გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რისკები წარმოიქმნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რა გავლენა ექნება უძრავი ქონების ბაზარზე და რას შეცვლის ქვეყანაში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს იცავდა. მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, ბინის თუ მიწის ყიდვა-გაყიდვის დროს შემძენს უნდა შეემოწმებინა ერთადერთი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც არ ჩანს აქვს თუ არა ვინმეს ამ ჩანაწერზე საჩივარი შეტანილი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე პირი ყიდულობდა ქონებას და მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებას ვერასდროს ვერავინ დაემუქრებოდა. სასამართლოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ კი ქონების შემძენს, ნოტარიუსს თუ სხვა ავტორიზებულ პირს, მოუწევს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს (ამონაწერს) ენდოს, არამედ ისიც გაარკვიოს, ამ ჩანაწერზე საჩივარი ხომ არ არის შეტანილი,“-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალაფიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით დაზარალდება სახელმწიფოც, თვითმართველობაც, ბანკებიც და კერძო მესაკუთრეებიც.
„შედეგად მივიღებთ, რომ შემძენს დამატებითი რისკები შეექმნება და ამასთან, გაჩნდება საშუალებები არაკეთილსინდისიერი ქმედებებისთვისაც. მაგალითად, თუ პირს სესხი აქვს ბანკში აღებული და ვერ გადაიხდის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე გაყიდვა, ვიღაცას საჯარო რეესტრში საჩივარს შეატანინებს და ბანკიც და სახელმწიფოც ჰაერში გამოეკიდება. შესაბამისად, რთული მდგომარეობა შეექმნება როგორც გამყიდველს, ისე პოტენციურ მყიდველს, რომელსაც ქონების შეძენა სურს,“-განაცხადა ალაფიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია, ერთ-ერთი მოქალაქის, ნოდარ დვალის საჩივართან, რომელმაც სასამართლოს 2013 წელს მიმართა. დვალის განცხადებით, 2011 წლის 7 მარტს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, საჯარო რეესტრში სხვა პირზე დარეგისტრირდა და ორჯერ გასხვისდა, მისი (დვალის) კუთვნილი 2100 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2002 წლის 7 მარტს შეიძინა და რომელზეც საკუთრების უფლება რეესტრში დარეგისტრირებული ჰქონდა.
თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყიდველი კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა, რაც მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნებას გამორიცხავდა. თავის მხრივ მოსარჩელე მხარის მტკიცებით კი, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, რამდენადაც უძრავი ნივთის არაუფლებამოსილი პირის მიერ, გასხვისებისას შემძენის კეთილსინდისიერება გამორიცხავს ნამდვილი მესაკუთრის უფლებას, დაიბრუნოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
შედეგად, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, არაკონსტიტუციურად იცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ნორმატიული შინაარსი, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს იმ შემთხვევაშიც იცავს, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და შემძენმა იცის ამის შესახებ.