2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1 იანვარი სახელდებოდა.

ჩვენ დავინტერესდით, რამ შეუშალა ხელი გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას და ეს კითხვა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს - დავით მესხიშვილს დავუსვით:

დავით მესხიშვილი - პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მხოლოდ სავარაუდო გათვლებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია. მანქანის გაზზე გადაყვანა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ეკონომიაა, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რამდენად უსაფრთხოა ეს ავტომობილები.

-ყოფილა შემთხვევები, როცა აირბალონები გაზგასამართ სადგურებში აფეთქებულა, ამავე დროს, ბევრი ამტკიცებს, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილი გარემოს ნაკლებად აბინძურებს. თქვენი აზრით, კარგია თუ ცუდი ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?

- ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი ეკოლოგიური თვალსაზრისით მართლაც გაცილებით უსაფრთხოა. ასეთი ავტომობილები ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, მაგრამ საქართველოში პრობლემას სულ სხვა რამ ქმნის: ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ავტომობილის აირბალონი 18-20 წლისაა, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, აირბალონებს ამონტაჟებენ კუსტარულად, კერძო ავტოფარეხებში, სრულიად არაკომპეტენტური პირები, რომლებიც უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ იცავენ. ისინი დოკუმენტაციასაც არ გასცემენ, როგორ დაამონტაჟეს აირბალონი, ან დაიცვეს თუ არა ნორმები, რომელიც ავტომანქანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ, აირბალონის მონტაჟი უნდა მოხდეს ლიცენზირებული კომპანიის მიერ, რომელიც შესაბამის ცნობას გასცემს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობას იღებს. პრობლემა იმაშია, თუ ვინ ამონტაჟებს ამ ბალონებს, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ გაზზე მიმუშავე ავტომობილები უსაფრთხო არ არის.

-რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი?

-დატუმბვის დროს ძალიან დიდია საფრთხე, რომ აირბალონი აფეთქდეს. ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ავტომობილში ბუნებრივი აირის სუნი. როდესაც აირბალონი კარგად არის დამონტაჟებული, ასეთი სუნი არ უნდა იგრძნობდეს. ამიტომ, იქ, სადაც აირბალონების მონტაჟი მიმდინარეობს, უნდა იყოს ვიდეოკამერები და ეს პროცესი მაქსიმალურად უნდა მოწმდებოდეს. როდესაც მონტაჟი კუსტარულად კეთდება, საფრთხე მატულობს, მაგრამ თუ ამას ლიცენზირებული კომპანია აკეთებს, ის პასუხისმგებლობასაც იღებს, რომ მის მიერ დამონტაჟებული სისტემა უსაფრთხოა. პირადად ჩემთვის ავტომობილის გაზზე გადაყვანა მიუღებელია, რადგან ქარხანა ავტომობილს რომ უშვებს, ითვალისწინებს, რომ მან საწვავზე უნდა იმუშაოს და არა - ბუნებრივ აირზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები უნდა შემოწმდეს.

-თუმცა, ამ კატეგორიის მანქანების ინსპექტირება მასშტაბურად არც კი დაწყებულა. რისი ბრალია ეს?

-წესით, ინსპექტირების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული, მაგრამ მას ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი ახლავს. პირველი ის არის, რომ საკმარისი რაოდენობის სერვის ცენტრები არა გვაქვს. წესით, ვისაც ამ ბიზნესში მუშაობა სურს, სერვის ცენტრის გახსნამდე აკრედიტაცია უნდა გაიაროს. ჩვენთან მხოლოდ 3 ასეთი სერვისცენტრია და ისიც მხოლოდ თბილისში. წარმოიდგინეთ, ადამიანი ბათუმში რომ ცხოვრობს, უნდა გამოიაროს ასეულობით კილომეტრი, რომ დედაქალაქში ჩამოვიდეს და აირბალონი აქ შეამოწმოს. ეს მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ინსპექტირების პროცესი ადგილიდან ვერ დაიძრა. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა ამ კატეგორიის მანქანების ისპექტირებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.

-თუ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც მათი ინსპექტირება უნდა განხორციელდეს?

-როგორ არა, მთავრობის დადგენილებით სპეციალური გრაფიკიც შედგა, სადაც მოცემულია როდის უნდა შემოწმდეს 23 წელს ზემოთ ასაკის ავტომობილები, ასევე 20-დან 23 წლამდე, 17-დან 20 წლამდე და ა.შ... შემოწმება ყოველ 6 თვეში სხვადასხვა ასაკის ავტომობილებს უნდა გაევლო და ყველაფერი ამ განრიგის მიხედვით უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამმა ეტაპმა უკვე გაიარა და გაზზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება პრაქტიკულად ჩავარდა. რა იქნება 2018 წლის იანვრამდე, ან 1 იანვრის შემდეგ ამის აქტიური განხილვა მე არ მომისმენია. არც ის გამიგია, რომ სერვისცენტრები სხვა ქალაქებშიც უნდა გაიხსნას. თუ ეს ცენტრები ხელმისაწვდომი არ იქნება, ბუნებრივია, შემოწმების პროცესი ყოველთვის ჩავარდება. თანაც, ლაპარაკი ხომ არ არის ერთ, ან ორ ავტომობილზე? - ლაპარაკია 200-250 ათას ავტომობილზე.

-რადგან ასეა, შეუმოწმებელი მანქანების მფლობელებსაც ვეღარ დააჯარიმებენ...

- ბუნებრივია, რომ ასეა. მით უმეტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კეთილი ნება გამოხატა და განაცხადა, რომ შეუმოწმებელი ავტომობილების მფლობელებს აღარ დააჯარიმებენ, მაგრამ ეს მხოლოდ კეთილი ნებაა და როდემდე გასტანს, არავინ იცის. ჯერჯერობით გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება გაჭედილი პროცესია, რომელიც ვერც წინ მიდის და ვერც - უკან. იმისათვის, რომ ასეთი ავტომობილების შემოწმება დროულად დაიწყოს და წარმატებით დასრულდეს, საჭიროა ელექტრონული პროგრამების გამოყენება, ელექტრონული ბაზის არსებობა, სადაც შემოწმების მონაცემები იქნება დაცული. ინსპექტირების პროცესი თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს, ამიტომაც გაიყინა ერთ წერტილზე.

-და ბოლოს, რას ეტყოდით მძღოლებს, რომლებიც აპირებენ თავიანთი მანქანა ბუნერივ აირზე გადაიყვანონ?

-მე მათ ვეტყოდი, რომ აირბალონის მონტაჟი საკმაოდ საშიში პროცესია, ამიტომ, თუ გადაწყვეტთ თქვენი ავტომანქანა გაზზე გადაიყვანოთ, ლიცენზირებულ, ბრენდირებულ კომპანიას უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ამ შემთხვევაში გაზზე მომუშავე ავტომობილები სრულიად უსაფრთხოა.

P.S. 2018 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, მათ შორის იგეგმება რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც, რის შემდეგაც მათ ინსპექტირების გავლა მოუწევთ.

ხათუნა ჩიგოგიძე