რა შემთხვევაშია შესაძლებელი თქვენი გამოსახლება

მოქმედი კანონმდებლობა გამოსახლების ინსტიტუტს სხვისი ქონების უკანონოდ ფლობის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს.

საადვოკატო ბიუროს OK&CG ინფორმაციით, თავდაპირველად გამოსახლების კომპეტენცია სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ მინიჭებული, დღეს კი გამოსახლებას ახდენს მხოლოდ აღმასრულებელი.

საადვოკატო ბიურო განმარტავს - თუ რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მათი გამოსახლება:

„1) თუ თქვენ უკანონოდ ფლობთ სხვის უძრავ ქონებას ან არ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ვალდებულებას, მესაკუთრეს/კრედიტორს თქვენი გამოსახლების მიზნით უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს; 2) თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას განხორციელდება თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო მესაკუთრისთვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით მოვალის გამოსახლებას განახორციელებს აღმასრულებელი.

თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება.

თუ თქვენი გამოსახლება ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან 15 დღის ვადაში ან სასამართლოში 1 თვის ვადაში,“-ნათქვამია ინფორმაციაში.