„რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები - ცხვირი, მკერდი, ლიპოსაქცია

პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ეს სფერო და მისი შესაძლებლობებიც უფრო და უფრო ფართოვდება.

ადამიანებს სურთ, ახალგაზრდა სხეული რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნონ. სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ფრაზა თითქმის ყველას სმენია, თუმცა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ეს მსხვერპლი ჯანმრთელობაც არის ხოლმე. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში პოსტოპერაციული სირთულეები მინიმუმამდე დავიდა, რისკი მაინც არსებობს.

ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილია. კითხვაზე, შეცვლიდნენ თუ არა რამეს საკუთარ ფორმებსა და ნაკვთებში, უდიდესი უმრავლესობა პასუხობს "კი". თანამედროვე სამყაროში პლასტიკური ქირურგია პოპულარულია და ის ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელსაც ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი მიმართავს.

საქართველოშიც პლასტიკური ოპერაციები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და შესაბამისად, რამდენიმე ესთეტიკური კლინიკა აქტიურად მუშაობს. მათი უმთავრესი ფუნქცია ადამიანების გალამაზებაა. თითოეული კლინიკა კლიენტებს განსხვავებულ სერვისს, მომსახურებასა და გადახდის საშუალებას სთავაზობს მომხმარებლები მათ რამდენიმე ესთეტიკურ პროცედურასთან ერთად, ძირითადად, პლასტიკური ოპერაციებისთვის მიმართავენ.

მიუხედავად დღევანდელი პოპულარობისა, ეს ესთეტიკური პროცედურები გარკვეული საფრთხის შემცველია. საქართველოში ამაზე განსაკუთრებით წინა თვეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა 18 წლის გოგონა რინოპლასტიკის ოპერაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და დღემდე მართვით სუნთქვაზეა. გარდა ამ ფაქტისა, ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული პროცედურის შემდეგ, პაციენტებს სუნთქვა უძნელდებათ, რაც პროცედურის არასათანადოდ ჩატარების ბრალია.

საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ფასს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, გარეგნობა შედარებით იაფად შეიცვალონ. იაფი სილამაზე უმეტეს შემთხვევაში დაბალ ხარისხსა და მომეტებულ რისკს ნიშნავს.

თამარ ბაკურიძემ რინოპლასტიკა ორი კვირის წინ გაიკეთა. მან მთელი ცხოვრების ოცნების ასრულებაზე უარი ვერ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარი ფაქტის შემდეგ პოსტოპერაციული პერიოდის შიში გაუსამმაგდა.

"ხშირად მსმენია, ცხვირნაოპერაციები ქალები ამბობენ, ქირურგიული ჩარევა მჭირდებოდა, თორემ ისე არ გავიკეთებდიო. არ ვიცი, ვინ ტყუის და ვინ მართალია, მაგრამ მე მგონია, რომ უმეტესობას აღიარება არ უნდა. ცხვირის გატეხვის კი არა, გენეტიკის ბრალია სახის ის ფორმა, რაც საქართველოში ბევრს აქვს. მათ შორის მეც პრობლემა მქონდა და ბავშვობიდანვე ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი ცხვირის გამო.

როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და საჭირო თანხაც შევაგროვე, მაგრამ ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარი ფაქტის შემდგე, როცა 18 წლის გოგონა ნარკოზიდნ ვერ გამოვიდა და დღემდე კომაშია, შიში გამისამმაგდა. რამდენიმე დღე იმაზეც კი ვფიქრობდი, ოპერაცია საერთოდ ხომ არ გავაუქმო-მეთქი, მაგრამ ბოლოს მთელი ცხოვრების ოცნებაზე უარი მაინც ვერ ვთქვი. თანაც, რაც იმ გოგონას დაემართა, მილიონში ერთი შემთხვევაა.

სხვათა შორის, ჩემმა ქირურგმა მითხრა, ძალიან ბევრი ოპერაცია გააუქმეს ამ სამწუხარო ინციდენტის შემდეგო. თაბაშირი ახლა მოვიხსენი და ჯერ ცხვირი შესიებულია, თუმცა უკვე ძალიან მომწონს ჩემი ახალი ვიზუალი", - განუცხადა რთამარ ბაკურიძემ "რეზონანსს".

ლიკო გაბეჩავა ამბობს, რომ ექიმის უყურადღებობის მსხვერპლი გახდა, რადგან პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ინფექციის საფრთხე 1%-ია და სწორედ იმ ერთ პროცენტში მოხვდა.

"დაახლოებით 35 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ პლასტიკური ოპერაციებისა და პროცედურების დრო დამიდგა. საერთოდაც, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ბუნებრიობა სჯობსო. მართლა თუ ასე თვლიან, გაუპარსავებმა და მოუვლელებმა იარონ, ბუნებრივად ხომ ასეთები ვართ.

ჯერ მცირე ჩარევით დაიწყო ჩემი და პლასტიკური ოპერაციების ურთიერთობა, მერე გადავწყვიტე, რომ დიდი ცვლილებების დროც მოვიდა. არ დავაკონკრეტებ, რა გავიკეთე და სად, ვფიქრობ, ეს არსებითი არ არის. უბრალოდ იმის მოყოლა მინდა, რომ ჩემს ქირურგს, რატომღაც, არ დაუსვამს კითხვა, ვიღებდი თუ არა სტეროიდებს. არადა, ოპერაციამდე დაახლოებით 3 თვით ადრე სპორტდარბაზში სიარულის დროს აქტიურად ვიყენებდი როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ამან გამოიწვია ოპერაციის შემდგომი ინფექცია, რომლის რისკიც მხოლოდ 1% იყო და იმ ერთ პროცენტში ექიმის დაუდევრობით აღმოვჩნდი", - განაცხადა ლიკო გაბეჩავამ.

პლასტიკურ ქირურგიაში მომუშავე ადამიანების ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ცხვირის კორექციაზეა. თუ მსოფლიოში მკერდის ოპერაცია არის პირველ ადგილზე, საქართველოსა და მთელ კავკასიაში ცხვირის ოპერაცია ლიდერობს. მას მოსდევს მკერდის კორექცია, ლიპოსაქცია და სახის პლასტიკა.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"