თიანეთის მომავალი მერი თამაზ მეჭიაური გახდება.
შეგახსენებთ, რომ მეჭიაური თიანეთში 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ „საოლქო კომისიამ შეცვალა ერთი ოქმი, ამოიღო ბათილი ბიულეტენები და მისი მოწინააღმდეგის მომხრე ბიულეტენებში გადაიტანა“.
დღეს კი, მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გაუქმდა, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს თიანეთის მომავალი მერი. ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მეჭიაურს 2016 წლის 18 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, მეჭიაური ფლობს 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ნასაგურში.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში „ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 34 300 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 5 700 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრობისას მეჭიაურის წლიურმა ანაზღაურებამ 64 800 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური პარლამენტის წევრი ორჯერ - 1999-2004 წლებსა და 2012-2016 წლებში იყო.