„პასპორტის მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველოს პასპორტი 43-ეა

აზიის ყველაზე „ძლევამოსილმა” პასპორტმა „პასპორტის მსოფლიო ინდექსის“ მსოფლიო რეიტინგში ევროპულ პასპორტებსაც აჯობა და ლიდერ პოზიციაზეა.

საქართველო ამ რეიტინგში 43-ე ადგილს იყოფს მონტენეგროსთან, მოლდოვასთან და მარშალის კუნძულებთან ერთად. მისი მაჩვენებელია 105, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 105 ქვეყნასთან აქვს. 

გლობალური საფინანსო ორგანიზაცია Arton Capital-ის რეიტინგში სინგაპურის პასპორტმა უკან ჩამოიტოვა გერმანული პასპორტი, რომელთან ერთადაც ის პირველ ადგილს იყოფდა წინა წელს. ამას კი ხელი შეუწყო პარაგვაის გადაწყვეტილებამ, რომელმაც სინგაპურთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო, შესაბამისად სინგაპური გახდა ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს 159 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, გერმანიას კი 158 ქვეყანასთან.

სწორედ ამ მაჩვენებლით იზომება პასპორტების ინდექსში ქვეყნების რეიტინგი. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე „ძლევამოსილი“ პასპორტების პირველ ათეულს.

1 სინგაპური 159

2 გერმანია 158

3 შვედეთი, სამხრეთ კორეა 157

4 დანია, ფინეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი 156

5 ლუქსემბურგი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, ავსტრია, პორტუგალია 155

6 მალაიზია, ირლანდია, აშშ, კანადა 154

7 საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია 153

8 მალტა, ჩეხეთი, ისლანდია 152

9 უნგრეთი 150

10 სლოვენია, სლოვაკეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია 149

პასპორტის ინდექსის რეიტინგი დგინდება გაეროს წევრი 193 ქვეყნის მონაცემებითა და 6 ტერიტორიისგან: ტაივანი, მაკაო, ჰონგ-კონგი, კოსოვო, პალესტინა და ვატიკანი.

კოკა კვირკველია