თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ბროკერების ცნობით, ქონების საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია.
მათი განმარტებით, ქონება რამდენიმე კვირაა რაც იყიდება და ამ ეტაპზე შეთავაზებები იგზავნება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მათივე ცნობით, აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ცირკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილია.