როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. თუმცა, მერის არჩევნები თიანეთში „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

მეჭიაური არჩევნებების გაყალბების მცდელობასა და ამაში ქუცნაშვილის ბრალელობაზე საუბრობდა. ამასთან, ყოფილი თანაგუნდელის გარკვეულ ბიზნესინტერესებსა და „დატაცებულ მიწის ნაკვეთებზე“ საუბრობდა. თავის მხრივ ქუცნაშვილმა აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თიანეთის რაიონში მხოლოდ 136 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი მდგომარეობა 2012 წლიდან დღემდე.

2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქუცნაშვილი ფლობს 59,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 89 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს; სიონში მდებარე 941 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს; ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 70%-ს; იმავე მისამართზე მდებარე 345,92 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 70%-ს; ზარიძეებში მდებარე 136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთსა და 36,70 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Land Cruzer Prado.

ამასთან, მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის თანამდებობაზე გასულ წელს ანაზღაურებამ 55 485 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ზაქარია ქუცნაშვილს ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3 000 ლარი; „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 450 ლარი; „თი-ბი-სი ბანკის“ დეპოზიტზე 59 000 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 500 ლარი ჰქონდა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის დეპუტატი არის - შპს „ადვოკატები რეპრესირებულთათვის“ 40%-იანი წილის; შპს „მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს“ 55%-იანი წილის; შპს „ქ ენდ ქ კონსალტინგი“ 60%-იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ საადვოკატო ბიუროებში მართვის უფლება დეპუტატს სხვა პირზე აქვს მინდობილი.

ამასთან, მის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც გასულ წელს შემოსავლის სახით - 2 910 დოლარი; არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალმა - 16 800 დოლარი; კიდევ 1 არასაცხოვრებელი ფართის იჯარით კი 6 300 ლარი მიიღო. გასულ წელსვე დეპუტატმა 75 000 დოლარად გაყიდა საცხოვრებელი სახლი. რაც შეეხება გასავლებს, შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს მისმა გასავალმა - 4 000 ლარი; სოფელ ხევსურთსოფელში ეზოს კეთილმოწყობაზე კი 20 000 ლარი შეადგინა.

ზაქარია ქუცნაშვილს ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.

2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამა ომარ ქუცნაშვილი ფლობს 30 000 კვადრატული მეტრი ფართობისა და 2019 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთებს სოფელ ხოფცაში; იმავე მისამართზე მდებარე 155 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს. მასვე ეკუთვნის 430 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში; ამავე მისამართზე 496 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლს; ნაფარეუში მდებარე 40009 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 33%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Honda CRV. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატის მამას „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშზე 180 ლარი; "თი–ბი–სი ბანკი" სახელფასოზე - 3500 ლარი ჰქონდა. ომარ ქუცნაშვილი არის ასევე შპს "ტექნოს" 12%-იანი წილის, შპს „ჯეოინჟინერინგის“ 41%-იანი წილის (საწარმოს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 42473 ლარი შეადგინა) და კოოპერატივის „ნაფარეულის ბიო ღვინოს“ 20%-იანი წილის მფლობელი.

ამასთან, მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 15 000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მამის გასავალმა გასულ წელს მიწის იჯარის სახით 3 810 ლარი შეადგინა.

დეპუტატის დედა თალიკო ლაგაზაური ნაფარეულში მდებარე 16 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-ს ფლობს. მის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში „ლიბერთი ბანკის“ საპენსიოზე 180 ლარი; "ქართუ ბანკის" ანაბარზე - 2200 დოლარი და 9 599 ლარი და "ბანკი ქართუს" ანაბარზე - 13 241 ლარი ჰქონდა. მის საკუთრებაშია კოოპერატივის „ნაფარეულის ბიო ღვინოს“ 20%. მისმა შემოსავალმა 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლობისას 5 900 ლარი შეადგინა.

პარლამენტის წევრის მეუღლე თეა სანიკიძე ფლობს 104,60 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 1590 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში სანიკიძეს ,,თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 211,55 ლარი; დეპოზიტზე - 2 დოლარი; მიმდინარეზე - 1001,49 ლარი ჰქონდა. დეპუტატის მეუღლე არის ასევე შპს „ნიტაპროქურუმენტგრუპის“ 33%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს შემოსავლის სახით, 57 843 ლარი მიიღო. შვილის სწავლის საფასურის სახით კი მისმა გასავალმა წინა წელს 5600 ლარი შეადგინა.

2012 წლის 21 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს 1000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ხოფცაში; 88 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს ბათუმში; 89 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეპუტატს ,,თი–ბი–სი ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე 750 ლარი; საკრედიტოზე -6000 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 3500 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით ქუცნაშვილი იყო შპს "მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს"; შპს "ადვოკატები რეპრესირებულთათვის" და შპს "ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს" პარტნიორი, რომელთა მართვის უფლებაც სხვა პირზე ჰქონდა მინდობილი.

დეპუტატის მამა ფლობდა 1900 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს და 150 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს სოფელ ხოფცაში; 600 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე "ლიბერთი ბანკი" საპენსიო ანგარიშზე - 110 ლარი ჰქონდა. ომარ ქუცნაშვილი იყო შპს "აგრას"; შპს "ტექნოსა" და შპს "ჯეოინჟინერინგის" პარტნიორი. ამ უკანასკნელის საქმიანობით დეპუტატის მამამ წლიურად 39 662 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის წევრის დედას „ლიბერთი ბანკის" საპენსიო ბარათზე - 200 ლარი ჰქონდა. ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე კი შპს "ნიტაპროქურუმენტგრუპის" პარტნიორი იყო, რომლის საქმიანობითაც წლიურად 61 000 ლარის შემოსავალი მიიღო. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე 80 ლარი ჰქონდა.