„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ამ თანამდებობაზე კალანდარიშვილმა ალექსეი ხორაშვილი შეცვალა.
აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრის 3 ნოემბრის ამონაწერშია ასახული.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ლიბერთი ბანკს“ მფლობელიც შეეცვალა. კერძოდ, ბანკის საკონტროლო პაკეტის 74.64%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია European Financial Group B.V. (შემდგომში EFG) გახდა; ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები კი ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე) არიან.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, ვინ არის და რას საქმიანობს „ლიბერთი ბანკის“ ახალი გენერალური დირექტორი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. თავის დროზე ის პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი იყო.
„სტანდარტ ბანკი“ და მისი გაკოტრება-გაყიდვის ისტორია
სხვადასხვა დროს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "სტანდარტ ბანკი", ძირითადად, პატარკაციშვილის ფინანსური ოპერაციების მომსახურებისთვის შეიქმნა. პატარკაციშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ კი ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახური შევიდა, რომელსაც გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში დააყადაღეს ბანკის ანგარიშებიც, შესაბამისად, დაყადაღებული აღმოჩნდა პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდიც.
იმ დროს "სტანდარტ ბანკის" ოფიციალური მფლობელი კომპანია "სელფორდი" საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ "სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის ქმედება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. კომპანია "სალფორდ საქართველო", საქართველოში პატარკაციშვილის 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტს ახორციელებდა.
თავის მხრივ, "სტანდარტ ბანკში" შესული დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე კი აცხადებდა, რომ დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება "სტანდარტ ბანკში" წარმოქმნილმა ლიკვიდობის პრობლემებმა განაპირობა, რაც დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებამ წარმოქმნა. კერძოდ, ქადაგიძე აცხადებდა, რომ ორი კვირის განმავლობაში "სტანდარტ ბანკიდან" 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადინება აღინიშნა, რამაც ბანკის მეანაბრეთა და კლიენტთა ინტერესებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. საბოლოოდ, ამ პროცესების შედეგად „სტანდარტ ბანკს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაიყიდა.
დროებითი ადმინისტრაციის შესვლა ბანკის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმაც გააპროტესტა. ის სახელმწიფო მოხელების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კალანდარიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
კალანდარიშვილი როლი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამართლებრივ საქმეში
არსებული ინფორმაციით, კალანდარიშვილის სახელი დაკავშირებული იყო ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, სანდრო გირგვლიანის საქმესთან.
კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საქმეში შს სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ეჭვი არსებობდა, კალანდარიშვილი გირგვლიანის სხვა მეგობრებთან ერთად საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებდა. სწორედ კალანდარიშვილის თხოვნითა და პატარკაციშვილის ნებართვით ამოიღეს მისი სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერები. კადრებში ჩანდა, “მერსედესის“ ფირმის ვერცხლისფერი “ემ-ელ“-ის მარკის მანქანა, რომელიც ჯერ თბილისიდან ოქროყანის, შემდეგ კი პირიქით – ოქროყანიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი მალევე გავიდა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “დროებაში“. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილის ჩვენება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეშიც დევს.
კალანდარიშვილი ტელეკომპანია „იმედში“
2012 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლის ბოლოს წართმეული ტელეკომპანია პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი (ოთარ) რუხაძე გახდა. სწორედ რუხაძის უახლოეს მეგობრად მოიხსენიება კალანდარიშვილი, რომელიც ტელეკომპანიაში ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი გახდა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იმედის“ დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობას ტოვებდა და სავარაუდოდ "ლიბერთი ბანკში" გააგრძელებდა მუშაობას.
,,ლიბერთი ბანკი” ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო კომერციული ბანკის ,,აგრომრეწვბანკის” ბაზაზეა შექმნილი. 1993 წელს ბანკების განკერძოებისას ,,აგრომრეწვბანკი” იქცა ,,აგრობანკად”. შემდგომ პერიოდში ბანკს ერქვა ,,სახალხო ბანკი”, ხოლო 2009 წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის მისვლის შემდეგ სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა და ,,ლიბერთი ბანკი” ეწოდა.