Zara-ს ერთ-ერთ მაღაზიაში მყიდველმა ნაყიდ სამოსში უცნაური წერილი აღმოაჩინა, სადაც კომპანიის მიერ დაქირავებული მკერავი წერდა, რომ გაწეულ სამუშაოში ხელფასს არ უხდიან.
„ეს სამოსი შენთვის მე შევკერე, მაგრამ სანაცვლოდ ჩემთვის ხელფასი არ გადაუხდიათ“, - წერია აღმოჩენილ წერილში.
როგორც ბრიტანული გამოცემა „ინდეპენდენტი“ წერს, ამ შინაარსის წერილი მყიდველმა სტამბოლში, ზარას ერთ-ერთი მაღაზიაში აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, თურქეთის ქარხანაში დასაქმებული მკერავი ხელფასის გადაუხდელობასა და რთულ სამუშაო პირობებზე იტყობინებოდა.
საუბარია ქარხანაზე Bravo Tekstil, რომელიც „ზარას" გარდა, Mango-ს და Next-ის სამოსსაც კერავს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით 2200 მაღაზიისა და მილიონობით შემოსავლების მქონე კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიოში, თუმცა როგორც ჩანს, იქ ყველაფერი წესრიგში არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით Zara-ში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა Zara-ს მიმართ დასაქმებულთა უფლებების დარღვევის. უფრო ადრე კომპანია გარემოს დაბინძურებაში, ახალგაზრდა დიზაინერების ექსპულატაციაში და არასრულწლოვანთა შრომის ექსპლუატაციაში დაადანაშაულეს, რომელთა შორის იყვნენ 15-წლამდე სირიელი დევნილები.
კოკა კვირკველია