რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრის პოსტს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

მინისტრის პოსტზე ბახტაძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

რაც შეეხება ყოფილ ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, ის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში მოხდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერსდა რა ქონებას ფლობს ფინანსთა მომავალი მინისტრი.

მიმდინარე წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძის შემოსავალმა 2016 წელს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 220 474 ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს შპს „ჯორჯია ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისას მისი შემოსავალი 45 662 ლარი; ხოლო შპს „ჯრ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისას - 18 552 ლარი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძე ფლობს 355,05 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთაში, რომელიც 2016 წელს აჩუქეს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 25 637,93 დოლარი; სახელფასოზე - 6 840,23 ლარი; "ვი-თი-ბი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი 22 543,86 ლარი ჰქონდა. მასვე „საქართველოს ბანკში“ ჰქონდა სესხი, რომლის შედეგადაც ბახტაძის გასავალმა 216 წელს 1 361,30 ლარი შეადგინა.