რა შემთხვევაში შეჩერდება იძულებითი აუქციონი

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას სასამართლო გადაწყვეტილების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ქონების აუქციონზე რეალიზაცია და კრედიტორის მოთხოვნის ამ გზით დაკმაყოფილება მოჰყვეს.

აუქციონს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ აღსრულება შეაჩეროს.

საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ცნობით, იძულებით აღსრულებას სასამართლო შეაჩერებს: მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისთვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; იმ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზეც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ცალკეულ შემთხვევებში თავად აღსრულების ეროვნული ბიუროც უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება. კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით.

„ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას; ვალდებულების შესრულების განწილვადებისას (განვადებისას); სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით; კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას; განსაკუთრებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბიუროს ცნობით, დანიშნული აუქციონი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვალდებულება შესრულდება.