რა ღირს H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში

თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, დღეს ყველა სტუმარს შეეძლება, რომ სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს.

ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. ამასთან, მომდევნო 1 000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

შვედური ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები ჯერ კიდევ წინა თვეში დაემატა.

მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.

კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული, ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება. ზამთრის სვიტერების ფასი 20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსაცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება; ხოლო ჩანთები 39 ლარიდან 99-მდე ეღირება. მამაკაცის სექციაში ფასები დაახლოებით 29 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს; ხოლო ბავშვის ტანსაცმელი 20-129 ლარის ფარგლებში ეღირება.

H&M-ის მაღაზია „გალერია თბილისში“ სამ სართულსა და 3 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით; Roman; Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიაც გაიხსნება.