„რეზონანსი" - საწვავის ფასმა ბოლო წლების ანტირეკორდი დაამყარა

არჩევნების შემდეგ, ერთ თვეში საწვავი დაახლოებით 20 თეთრით გაძვირდა.

ამჟამად ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო წლების მაქსიმალური ფასია დაფიქსირებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტები ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზეც გაძვირდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბენზინისა და დიზელის ფასზე ძირითადი გავლენა ლარის გაუფასურებამ მოახდინა. ერთ თვეში კურსი 25 პუნქტით დაეცა, რამაც საწვავის საცალო ღირებულებაზე მყისიერად იმოქმედა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საწვავი გაძვირდა, რადგან ლარის მასშტაბური გაუფასურების გამო, ქართველ იმპორტიორებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. 21 ნოემბრის მონაცემით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 594 დოლარს შედგენს, ხოლო დიზელის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 557 დოლარია.

რაც შეეხება საბითუმო ფასს, ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ ბენზინი 1,95 ლარად იყიდება, ხოლო ამავე მოცულობის დიზელის ფასი 1,97 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საცალო ქსელს, საწვავი გუშინ კიდევ 5 თეთრით გაძვირდა და არაბრენდირებულ სადგურებში ბენზინი 2,03 ლარად იყიდება, ხოლო მსხვილი კომპანიების აგს-ებში - 2,25 ლარად. გამონაკლისია "ლუკოილი", სადაც ბენზინის შეძენა მომხმრებელს ჯერ კიდევ 2,13 ლარად შეუძლია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ საქართველოში საწვავის გაძვირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. იმპორტიორებმა ლარის კურსი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და საწვავი ქართველი მომხმარებლისთვის სასწრაფოდ გააძვირეს.

"ჩვენ თუ ბაზარზე შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბოლო ორ თვეში საწვავი ხუთჯერ გაძვირდა. ეს მაშინ, როცა 3 კვირაა, ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია დაიწყო. ფაქტია, რომ იმპორტიორებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და ლარის კურსიც საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ გამოიყენეს. ვხედავთ კიდეც სხვაობას ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიების ფასებს შორის.

მართალია, გარკვეული გავლენა იქონია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა, მაგრამ კომპანიებს ამ დონეზე არ უნდა გაეძვირებინათ საწვავი. ფაქტია, რომ ფასი ხელოვნურად გაზარდეს. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების მხრიდან მაქსიმალური მოგების მიღების სურვილი გააღვიძა", - განაცხადა ბაირახტარმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ცხადია, იმპორტიორებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქართულ კომპანიებს სხვა არჩევანი არც ჰქონდათ.

"ფასების ცვლილებების ფაქტორი ყოველთვის ცნობილია, ეს არის საერთაშორისო ტენდენცია და შემდგომ უკვე შიდა ფაქტორი - ლარის კურსი. ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზე ფასი ზომიერად არის გაზრდილი, მაგრამ ლარის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა. არჩევნებიდან 1 თვეც არ არის გასული და ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, რამაც საწვავის ფასზეც მოახდინა გავლენა. არსებულ ვითარებაში იმპორტიორები ვერაფერს შეცვლიან. სავალუტო კრიზისმა ყველა ცუდ დღეში ჩააგდო", - ამბობს იაკობიძე.

ასეთივე პოზიცია აქვთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, სადაც საწვავის გაძვირების მიზეზად, საგარეო ფაქტორთან ერთად, ლარის კურსს მიიჩნევენ.

"საწვავის საერთაშორისო ფასებზე მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა. ასევე მეორე ნეგატიური მომენტი გვაქვს გაცვლითი კურსის კომპონენტში. საწვავის ფასის ფორმირების დროს, ლარის კურსს აშშ დოლართან მიმართებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული, რაც ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის დამატებითი წნეხია", - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"