სასამართლოში წლობით "გაჭედილი" ბიზნესდავები ქვეყნის ეკონომიკას უკან ხევს - ასეთია იურისტის შეფასება, რომელიც უკვე წლებია, ამგვარ დავებზე მუშაობს.
სასამართლოებიდან გამოთხოვილი სტატისტიკით ირკვევა, რომ დღეს თითო მოსამართლეს 1000-მდე ეკონომიკური ხასიათის დავა აწერია, რომელთა განხილვა, ყველა არსებული პროცედურის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში ჭიანურდება. შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილებების მოლოდინში ბიზნესი პასიურ რეჟიმში გადადის, რითაც თავადაც ზარალდება, ქვეყნის ბიუჯეტიც, მთლიანად ეკონომიკაც და თითოეული ჩვენგანიც, რადგან არ იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, არ იზრდება შემოსავლები, რაც მოსახლეობას აღარიბებს.
აკაკი ჩარგეიშვილი, იურისტი, საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი: "ეკონომიკური ურთიერთობები განყენებული ცნება არ არის. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ქვეყანაში და ზოგადად, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებობს, იქნება ეს კერძო თუ საჯარო-სამართლებრივი, ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური სივრცის ნაწილია.
ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობს, არის ბიზნესდავები. აქ არ იგულისხმება მხოლოდ დავები ბიზნესსუბიექტებს შორის, არამედ საგადასახადო დავები, სალიცენზიო დავები, ადმინისტრაციული დავები, შესყიდვებთან დაკავშირებული დავები, ფინანსურ დანაშაულებთან, თაღლითობებთან დაკავშირებული დავები და სხვ. ყველა ეს სადავო და გაურკვეველი საკითხი სასამართლოში იყრის თავს.
დავინტერესდი და 2017 წლის დამდეგს სასამართლოდან ინფორმაცია გამოვითხოვე. როგორც აღმოჩნდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხოლოდ სამოქალაქო პალატაში, 1000 და კიდევ მეტი სამოქალაქო დავა აწერია თითო მოსამართლეს. ამას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში არის ადმინისტრაციული პალატა, სადაც ასეთივე მდგომარეობაა დავების განხილვის თვალსაზრისით. მსგავსი ვითარებაა სისხლის სამართლის პალატაშიც, თითო მოსამართლეს ორასამდე ასეთი ხასიათის დავა აწერია.
ნებისმიერი სასამართლო დავა, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილია - სამემკვიდრეო საკითხები, საოჯახო დავები თუ პარტნიორებს შორის ქონებასა თუ ბიზნესწილებს შორის დავები წლობით არის გაჩერებული სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ ამ "გაჭედილ" საქმეებში ჩართული ადამიანები ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ მონაწილეობენ; ანუ პარტნიორებს გაჩერებული აქვთ კომპანიების განვითარება, საოჯახო დავებში მეუღლეები ქონებას ვერ ყიდიან და ა.შ. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემებისა, როცა სამოქალაქო დავებზეა ლაპარაკი.
ადმინისტრაციული ხასიათის დავები კი უფრო მეტად კავშირშია საგადასახადო ვალდებულებებსა და საგადასახადო ურთიერთობებთან. ჩვენთან დავათა სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები საჩივრდება ჯერ პირველ დონეზე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, შემოსავლების სამსახურში, სადაც კომპანიები ორ ინსტანციას გადიან და თუ ვერ იღებენ სასურველ შედეგს, გადადიან დავათა განხილვის საბჭოში. შესაბამისად, დიდი დრო გადის, სანამ დავა სასამართლომდე მივა. ზოგჯერ ეს არის 6 თვე და არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი წელიწად-ნახევარს ან უფრო მეტხანსაც გაგრძელებულა. შემდეგ, როცა დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, საქმის განხილვა დაახლოებით 3 წელიწადს გრძელდება. ჯამში საშუალოდ ერთი ადმინისტრაციული დავის განხილვას დაახლოებით 5 წელიწადი სჭირდება; ანუ ამ ხნით ჩერდება ან ფერხდება ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნესსაქმიანობა და სხვ.
ჩემს საადვოკატო დარბაზში გვქონია საქმე, რომელზეც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელახლა მომხდარიყო აუდიტის მიერ შემოწმებული საგადასახადო აქტების გადაანგარიშება; ანუ უკან დააბრუნა პროცესი, რომელსაც შესაძლოა კიდევ ხუთი წელიწადი დასჭირდეს, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამოდის, ერთი ეკონომიკური დავის გადაწყვეტას შესაძლოა ათი წელიწადიც კი დასჭირდეს.
ამ ყველაფერს ეკონომიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, სასამართლოში მოდავე კომპანია პასიურ რეჟიმშია გადასული, რადგან არ იცის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შესაბამისად, რაც დრო გადის, გაკოტრებისკენ მიდის.
საბოლოო ჯამში, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კომპანია შესაძლოა, აღარც კი არსებობდეს. გამოდის, ეკონომიკას, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა ფული, რომელიც ამ კომპანიის მუშაობითა და განვითარებით უნდა მიეღო.
ეს არის "დაბლოკილი ფული" ეკონომიკაში და ჩემი გათვლებით, სასამართლოებში გაჭედილი დავების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ის დაახლოებით 10 მილიარდი ლარის ფარგლებშია.
- სასამართლოებში დავის განხილვის გაჭიანურების მთავარი მიზეზი რა არის?
- არაერთხელ შევხვედრივარ სასამართლოს მოხელეებს და მიკითხავს, თუ არსებობს საქართველოში მოსამართლე, რომელსაც გამოცდების დროს პროგრამულად აქვს, მაგალითად, ჩაბარებული საქართველოს საგადასახადო კოდექსი. რომ გადახედოთ სამოსამართლო კორპუსს, არც ერთ მოსამართლეს საქართველოში საქართველოს საგადასახადო კოდექსი სამოსამართლეო გამოცდების დროს ჩაბარებული არა აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს კანონმა ანდო ასეთი ხასიათის დავების განხილვა.რომ გადავხედოთ პროგრამებს, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს გამოცდების ჩაბარება უწევთ, არც ერთ მოსამართლეს ჩაბარებული არა აქვს კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, აგრეთვე პრივატიზაციასთან, მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ კაპიტალის ბაზარზე, რათა ქვეყანაში ფინანსური ინსტრუმენტები განვითარდეს, თუმცა არც ერთ მოსამართლეს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტული საკანონმდებლო ნორმები ჩაბარებული არა აქვს.
შესაბამისად, უფრო იზრდება სუბიექტური გადაწყვეტილებების რიცხვი, რადგან დავის პროცესში წაკითხული კანონით ხდება გადაწყვეტილების მიღება ესოდენ მძიმე და რთული კატეგორიის დავებზე. არადა, ბიზნესს თავისი გათვლებით, აუდიტორული შემოწმებებით, ფინანსური მრჩევლებით უამრავი საკითხი აქვს დაგროვილი და რჩება ერთი მოსამართლის ამარა, რომელსაც ამონარიდები აქვს წაკითხული კანონიდან და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება დაბალი ხარისხის, ვერ შეასრულებს და ვერ მოემსახურება იმ მიზანს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება ეკონომიკას, ბიუჯეტსა და ეროვნულ ვალუტას.
- მხოლოდ კვალიფიკაციაა სასამართლოში დავების "გაჭედვის" მიზეზი?
- მეორე მიზეზია პროცედურები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. არც ერთი ეს კანონმდებლობა არ უშვებს დავათა განხილვას შემოკლებული წესით და პირობითად საარბიტრაჟო წესით.მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით განიხილება ინვესტორებთან დავები, ინვესტორმაც შეიძლება წააგოს და თუ განაწყენებულ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, ის გადაინაცვლებს საინვესტიციო არბიტრაჟებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ და იქ წარიმართება დავა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
ბოლო წლებში არაერთი ასეთი დავის მომსწრე ვარ. როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავა მაღალი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყდება. ეს კი გამორიცხავს ერთ მოსამართლეს და იმთავითვე გულისხმობს კოლეგიურ რეჟიმში, მინიმუმ, სამი არბიტრის მიერ საქმის განხილვას. ცხადია, ეს მაღალი კომპეტენციის გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩაერთვებიან არბიტრები როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან და ერთმანეთში მართავენ პოლემიკას.
მოგეხსენებათ, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოკლე დროში მხოლოდ ერთი პანელით წერტილის დასმა სასამართლო დავისთვის და ის ვეღარ გაიჭიმება უსასრულოდ. სამწუხაროდ, ჩვენ საარბიტრაჟო დავების ინსტიტუტი არა გვაქვს ამ ტიპის ურთიერთობებისთვის.
- ის, რომ სასამართლო ბიზნესისთვის დროულად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ხომ არ უწყობს ეს ხელს კერძო დავების მოგვარების არალეგალურ მეთოდებს? თუ კანონის ფარგლებში ვერ აღწევს ბიზნესი სამართლიანობას, ხომ არ შეეცდება ამ პრობლემის კანონს მიღმა მოგვარებას?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მძიმე და მტკივნეულია ეს შეკითხვა, რადგან მთელი ჩემი, თქვენი და ჩვენი უახლოესი წარსული ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, მოვანდომეთ იმას, რომ აღმოგვეფხვრა წარსულის მანკიერი ურთიერთობები. მე ასეთი ტიპის შემთხვევა ბოლო პერიოდში ჩემი სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე არ მქონია, თუმცა ჩემთვის თქვენი შეკითხვა დამაფიქრებელია. არ უნდა დავუშვათ, რომ თქვენს შეკითხვას რამენაირად პასუხის საშუალება მისცეს ან ჩვენმა ბიზნესმა, ან სახელმწიფომ. არ უნდა დავუშვათ ასეთი ტიპის ურთიერთობები, ეს ჩვენთვის უფსკრულში გადაშვების ტოლფასი იქნება.- გამოსავალი რა არის ამ ვითარებიდან?
- გადაწყვეტილებებია მისაღები. სახელმწიფო უნდა შეეგუოს, რომ სხვა ბიზნესებთან ერთად, ისიც არის ეკონომიკისა და ურთიერთობების რეგულირების ერთ-ერთი მონაწილე. როგორც მე და თქვენ გვინდა, რომ კერძო ურთიერთობები მოვაწესრიგოთ, ისე უნდა ხედავდეს სახელმწიფოც და არ უნდა ეშინოდეს, რომ თუ სასამართლო სივრცეში არ მოხდება რამე დავის განხილვა, ამით ქვეყანა დაიღუპება. არსებობს ამის კარგი მაგალითები.მოწინავე ქვეყნებში ცდილობენ დავა სასამართლომდე არ მიიყვანონ, რადგან კარგად ესმით, რას ნიშნავს სასამართლოსთვის დავის გადაცემა. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ბიზნესს საშუალება მისცეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ურთიერთობებში დავა საარბიტრაჟო სასამართლოს გზით გადაწყვიტონ. სახელმწიფო უნდა შეეგუოს ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას სასამართლოში და ამის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოდავე მხარეებსაც.
ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: მოგეხსენებათ, საჯარო რეესტრში ხდება მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია. ორ ბიზნესს საჯარო რეესტრთან რეგისტრაციის გამო დავა ჰქონდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ სასამართლოს მიმართეს. მას შემდეგ უკვე ორი წელიწადია გრძელდება დავა რეგისტრაციის ფორმალური პროცედურის გამო. ორი წელია, რეესტრში დარეგისტრირება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ განსხვავებული ხედვები არსებობს ფორმალური რეგისტრაციის შესახებ ორ ბიზნესპარტნიორს შორის. ამ ხნის განმავლობაში ბიზნესის წარმოება გაჩერდა, არც ერთი და არც მეორე კომპანია არ დებს საქართველოში ინვესტიციებს, არ ქმნის სამუშაო ადგილებს, არ იხდის ბიუჯეტში გადასახადებს და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არავინ იცის, როდის იქნება.
ბიზნესისთვის დრო ფულია, ქვეყნისთვის კი ეს დიდი დანაკარგია, რომელიც ნელი მოქმედების ნაღმივით მოქმედებს და ეკონომიკას თითო აგურს აცლის, რაც მათ შორის ლარის გაუფასურებაშიც ვლინდება.
- რატომ ებღაუჭება სახელმწიფო ასე თავის უფლებას, რომ ასეთი ხასიათის დავები მხოლოდ სახელმწიფო სასამართლოებში იქნეს განხილული, მით უფრო, როცა ამას თავად ვერ ართმევს თავს და არც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, სამართალი კერძო არბიტრაჟის საშუალებით ეძიოს?
- დღეს სახელმწიფო მოხელეებს, მათ, ვისაც ხელეწიფება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, არა აქვთ გათავისებული, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის ასეთი ხასიათის დავების გაჩერებას სასამართლოში. ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება გვაკლია. არ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ბიზნესს. სახელმწიფო მოხელეებს იმის შიშიც აქვთ, რომ თუ ასეთი ტიპის დავები კერძო არბიტრაჟში გადაინაცვლებს, დაიქცევა სახელმწიფო, თავზე დაგვენგრევა ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო შიშია.თუმცა გადაწყვეტილების მიღების შიშით, რომ შემთხვევით არაკომპეტენტურობის გამო რამე არ შეეშალოთ, სხვადასხვა სახელმწიფო მოხელე იქნება ეს თუ მოსამართლე, ნელ-ნელა აცლიან ეკონომიკას საფუძველს და ამის ნათელი მაგალითია "გაჭედილი" დავების სახით გაყინული 10 მილიარდი ლარიც, რომელიც დღეს ეკონომიკას არ ემსახურება.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"