როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

ხშირია შემთხვევები, როცა ოქროს შეძენისას მომხმარებელი მოტყუებული რჩება და ოქროს ნაკეთობა იმ ხარისხის არ აღმოჩნდება, რაც ყიდვისას უთხრეს.

როგორ შევიძინოთ ოქროს ნაწარმი ისე, რომ ხარისხში არ მოვტყუვდეთ? - ამ საკითხზე ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტს თამაზ გულედანს ვესაუბრეთ:

- ბატონო თამაზ, ოქროს ფასით დავიწყოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე?

- ოქროს ნაკეთობები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირებულია - ასეა მსოფლიო ბაზარზე და ასეა ჩვენთან - საქართველოშიც. კერძოდ: 375 სინჯის ოქროს ფასი 34-35 ლარია, 583-585 სინჯის ოქრო 63-64 ლარი ღირს, 750 სინჯისა - 84-85 ლარი, ხოლო 958 სინჯის ოქროს ფასი 105-106 ლარია. დღეს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ოქრო იყიდება: ე.წ რუსული ოქრო, თურქული, იტალიური თუ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოსული... საერთოდ, ყველანაირი ოქრო კარგია, თუ მასში დიდი რაოდენობით სპილენძი არ არის შერეული.

- როგორ ახერხებენ ოქროს ნაწარმში სპილენძის შერევას?

- ამ რამდენიმე წლის წინ ზოგიერთი ხელოსანი ამას მართლაც აკეთებდა: ოქროს ნაწარმს სპილენძს ურევდა და სამკაულებს ასე ამზადებდა, მაგრამ ეს ჩუმად, მიწისქვეშა პირობებში ხდებოდა. როდესაც ოქროს სპილენძი აქვს შერეული, ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ სპეციალისტი მაშინვე ამჩნევს, რომ ეს დაბალი ხარისხის ოქროა. ამიტომ, ჩემთან ხშირად მოდიან კლიენტები და მთხოვენ, ესა თუ ის ნაკეთობა შევამოწმო. რა თქმა უნდა, მე მაშინვე ვეუბნები, თუ რომელიმე სამკაულს სპილენძი აქვს შერეული. საბედნიეროდ, ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები შემცირებულია, ვინც ოქროს ფალსიფიკაციას ეწეოდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაიქცა, ზოგიერთი კი, ამ უკანონო საქმიანობას თავისით შეეშვა, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც არის. ასეთ ნაკეთობაში სინჯი, რომელიც სამკაულს აწერია, რეალობას არ შეესაბამება. ქართულ ბაზარზე არის აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული საიუველირო ნივთები, რომელსაც უფრო მაღალი სინჯი აწერია, რეალურად კი, მისი ხარისხი ნაკლებია.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოქროს ხარისხში არ მოვტყუვდეთ?

- აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექსპერტთან და ის ნივთი შეამოწმებინოთ, რომლის შეძენაც გადაწყვიტეთ. შეიძლება მისი დიზაინი ძალიან მოგწონდეთ, მაგრამ მარტო ვიზუალური მხარე არაფერს ნიშნავს. როდესაც მყიდველი მოდის და ოქროს ნაკეთობა მოაქვს, მე ყურადღებით ვამოწმებ მის ყველა დეტალს და რაც მთავარია, შემადგენლობას. სპილენძშერეულ ოქროს მაშინვე წუნიანად მივიჩნევთ, მერე ამ ნივთს ხელახლა ადნობენ და მისგან ნამდვილ ოქროს გამოყოფენ.

- ბატონო თამაზ, რომელი სინჯის ოქროა ყველაზე ძვირფასი?

- ყველაზე ძვირფასი 999.9 სინჯის ოქროა. ეს ყველაზე მაღალი სინჯის ოქროა, თუმცა ოქრომჭედლები მუშაობის პროცესში ძირითადად 999 სინჯის ოქროს იყენებენ. ჩვენ მას „ჩისტატას“ ვეძახით, თუმცა, ბაზარზე 999 სინჯის ნაკეთობებიც იშვიათია. სამკაულებისთვის უფრო 995 სინჯის ოქროს იყენებენ. ყველაზე კარგი ოქრო, რომლის ნაკეთობებიც ჩვენს ბაზარზე მასობრივად გვხვდება, არის ბაჯაღლო ოქრო - 958 სინჯისა. სხვათა შორის, კომუნისტების დროს დამზადებული ბაჯაღლოს ნივთები 5 ლიგატურით ნაკლებია დღევანდელი ხელოსნების ნაკეთობებზე. იგივე უნდა ვთქვა კომუნისტების დროს გამოშვებულ ბაჯაღლოს ბეჭდებზეც. აქვე განვმარტავ, რომ ლიგატურა, ეს არის შენადნობი, რომელსაც ოქროში ამატებენ. რაც უფრო მეტი შენადნობია ოქროში, მით ნაკლებია მისი ლიგატურა. ჩვენ უახლესი ტექნოლოგიებით ვამოწმებთ და საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ბაჯაღლოს ბეჭდების სინჯი 958-ის ნაცვლად არის 953 ანუ 5 ლიგატურით ნაკლებია თანამედროვე ბაჯაღლოს ნივთებზე.

- ყველაზე მასობრივად ქართულ ბაზარზე რომელი სინჯის ოქროს ნაკეთობები გვხვდება?

- ძალიან ხშირია 750 სინჯის ოქრო, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. მისი ლიგატურა 958-თან შედარებით დაბალია, მაგრამ ისიც მაღალი ხარისხის ოქროების რიცხვს მიეკუთვნება. ამის შემდეგ მოდის 585 სინჯის ოქრო, მერე - 583 სინჯისა. მათ შორის ლიგატურის სხვაობა არის 2. საბჭოთა პერიოდის რუსული ოქრო 583 სინჯისაა, ხოლო ევროპული - 585, რომელსაც ხშირად „ყვითელ ოქროსაც“ უწოდებენ. 583-585 სინჯის ოქრო ყველაზე მეტად არის გავრცელებული და მასობრივად გვხვდება ქართულ ბაზარზე. შედარებით დაბალი ხარისხისაა 375 სინჯის ოქრო, რადგან ის სპილენძნარევია. საერთოდ, რაც მეტი სპილენძი ურევია ოქროს ნაკეთობას, მით უფრო ნაკლებია მისი ლიგატურა. ევროპიდან შემოდის 333 სინჯის ოქრო, რომელშიც სპილენძის შემცველობა კიდევ უფრო მეტია.

- რა განსხვავებაა ე.წ. იტალიურ და რუსულ ოქროს შორის?

- ნამდვილი იტალიური ოქრო ძალიან ფაქიზია და კარგი ხარისხისაა, მაგრამ აქვე ერთი რამ უნდა ვთქვა: თურქეთშიც ამზადებენ ოქროს ნაკეთობებს, რომელსაც იტალიურს ეძახიან, სინამდვილეში ეს იტალიური ოქრო არ არის. რაც შეეხება „რუსულ ოქროს“, ის ძალიან კარგი ხარისხისაა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი ქართულ ბაზარზე.

ხათუნა ჩიგოგიძე