თბილისის მოსახლეობის ნაწილს იანვრიდან გაზი გაუძვირდება

მომავალი წლიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის ტარიფი 5 თეთრით გაეზრდება.

საუბარია, დიდი დიღმისა და ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის (I, II, III, III ა, IV ა) მაცხოვრებლებზე. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების, „ვარკეთილიაირისა“ და შპს „დიდი დიღომი გაზის“ 25 ათასზე მეტ აბონენტს გაუძვირდება ბუნებრივი აირის გადასახადი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან გაზის ტარიფის ზრდა. კომპანიების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავადაც გაზრდილ ფასად მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ფაქტობრივად, ზარალზე უწევთ მუშაობა.

როგორც „დიდი დიღომის გაზის“ მენეჯერი, ლელა გამგონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „ყაზტრანსგაზი“, რომელიც მათი მიმწოდებელია, რამდენიმე თვეა, რაც გაზს უფრო ძვირად აწვდის. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიის მხრიდან მოქალაქეებისთვის გადასახადის გაძვირებაც.

გამგონიძის თქმით, „დიდი დიღომი გაზის“ აბონენტებს გაზის 5 თეთრით გაზრდილი ტარიფის გადახდა 21 იანვრიდან მოუწევთ.

„გაზს ვიღებთ „ყაზტრანსგაზისგან“, რომელიც უფრო ძვირად გვაწვდის ბუნერივ აირს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ზაფხულში სემეკმა 11-დან 18 თეთრამდე გააძვირა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი. აქამდე თავს ვიკავებდით და არ გვინდოდა მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა, თუმცა, მთელი ეს პერიოდი კომპანია ზარალზე მუშაობდა, ზამთარში კი გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ასე ვეღარ გავაგრძელებთ, ამიტომ იანვრიდან ტარიფის მატება გვიწევს,“-განაცხადა გამგონიძემ.

რაც შეეხება ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის მოსახლეობას, მათ ბუნებრივ აირი ასევე 5 თეთრით 17 იანვრიდან გაუძვირდებათ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია „ვარკეთილაირმა“ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ გვერდზეც გაავრცელა.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ მღვდელაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კომპანია უკვე რამდენიმე თვეა გაზს 3 თეთრით მაღალი ტარიფით ყიდულობს, ამიტომ თუ კომპანია გაზს არ გააძვირებს, შესაძლოა გაკოტრების წინაშეც აღმოჩნდეს.

„მართალია ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ 2017 წლის განმავლობაში გაზი 30%-ით გაძვირდა. ამასთან, 2017 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი კომპანია, „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზის საფასურის ანაზღაურებას დოლარში ითხოვს. კერძოდ, თუ ადრე სოციალურ გაზს „სოკარისგან“ 249 ლარად ვყიდულობდი, დღეს 120 დოლარზეა ხელშეკრულება გაფორმებული. შესაბამისად, გაზის სამომხმარებლო ტარიფზე დოლარის კურსის მკვეთრი ცვლილებაც ახდენს უარყოფით გავლენას. ზამთარი საკმაოდ კრიზისული პერიოდია, მოთხოვნა გაზრდილია და ეს რამდენიმე თვე თუ შემცირებული მარჟით ვიმუშავე, ძალიან დიდ ზარალას მივიღებ და შესაძლოა გაკოტრების წინაშე აღმოჩნდეს კომპანია,“-განაცხადა მღვდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ამარაგებს, თუმცა რამდენიმე გარეუბანის შემთხვევაში, გაზის მიწოდების ფუნქცია მცირე კომპანიებს აქვთ. სწორედ მათ შორის არიან „ვარკეთილაირი“ და „დიდი დიღომი გაზი“.

თაია არდოტელი