ყველაზე გაუფასურებული ვალუტები და „ქაღალდის ფულის წყალდიდობა“ ეკონომიკაში

ბოლო ხანებში ლარის დევალვაციას საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა, თუმცა მსოფლიოში არის მრავალი სახელმწიფო, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი გაცილებით სწრაფად ეცემა და ინფლაციის დონეც კატასტროფულად მაღალია.

„ბიზნესპრესნიუსი“ ეკონომიკის დოქტორ, ირაკლი მაკალათიას ესაუბრა, რომელმაც დაასახელა 5 ქვეყანა, სადაც 2017 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ მხრივ პირველ ადგილზე ვენესუელაა - 652,7%-იანი მაჩვენებლით, მე-2 ადგილი სამხრეთ სუდანს ეკუთვნის - 182,1 %, მესამე - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა - 41,7 %, მეოთხე - ლიბიაა - 32,8 %, ხოლო მეხუთე - ანგოლა - 30,9 %. ირაკლი მაკალათიას თქმით, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას ისეთი ფაქტები ახსოვს, რომელთან შედარებით ეს ციფრები მიზერულია.

„ბიზნესპრესნიუსთან“ მან იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, სადაც ინფლაციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია:

უნგრეთი - 1946 წელი

„1946 წლის ივლისში უნგრეთში ჰიპერინფლაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა - 13,6 კვადრილიონი ანუ 13 600 000 000 000 000 %. იმ პერიოდის უნგრეთში ფასები ყოველ 15 სთ-ში ერთხელ ორმაგდებოდა. თუ პირველ მსოფლიო ომამდე 1 აშშ დოლარის ღირებულება 5 კრონი იყო, 1924 წელს უკვე 70 000 კრონი გახდა. მეორე მსოფლიო ომმა ხომ მთლიანად დაანგრია უნგრეთი, ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი განადგურდა. წარმოების დაცემას ფასების მატებაც თან სდევდა. უნგრეთის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირება დამატებითი ფულის დაბეჭდვით გადაწყვიტა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო და ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად მოშალა.

ზიმბაბვე - 2008 წელი

2008 წელი ზიმბამბვეს ისტორიაში სამწუხარო მოვლენით იყო გამორჩეული: იქ ინფლაციის მაჩვენებელმა 79 600 000 000 % შეადგინა, ფასები კი, ყოველ 24 სთ-ში ერთხელ ორმაგდებოდა. ინფლაციის მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი გახდა: ხელისუფლებამ გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსებისთვის გადასახადების ზრდა და ზედმეტი ფულის ბეჭდვა დაიწყო.

კრიზისის შესაჩერებლად ზიმბამბვეს ხელისუფალთ მონეტარული პოლიტიკის ექსპერტმა, სტივ ჰანკემ, შემდეგი რეკომენდაციები მისცა:

პირველი - დაეწყოთ ,,დოლარიზაცია’’ ანუ ადგილობრივი ვალუტის ჩანაცვლება დოლარით.

მეორე

- გაეუქმებინათ ცენტრალური ბანკი და სავალუტო საბჭო შეექმნათ, რომლის მიზანი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაკონტროლება იქნებოდა.

მესამე - უფლება მიეცათ კომერციული ბანკებისთვის, რომ საკუთარი ფული გამოეშვათ და ამ პროცესში სახელმწიფო არ ჩარეულიყო. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებამ დადებითი შედეგები მოიტანა. 2009 წლიდან ზიმბაბვეს მოსახლეობა ეროვნული ბანკის გარეშე არსებობს, კონკურენციის პირობებში კომერციული ბანკები უფრო მეტად ცდილობენ მომხმარებლებს უკეთესი პირობები შესთავაზონ და მეტად მობილიზებულნი არიან, რადგან იციან, ეროვნული ბანკისგან დახმარებას ვერ მიიღებენ. ქვეყანაში ფუნქციონირებს მულტისავალუტო რეჟიმი ანუ გაცვლით რეჟიმში ეროვნული ვალუტის გარდა მონაწილეობს დოლარიც, ევროც და ფუნტი სტერლინგიც. ამ სახელმწიფოს რიგითი მოქალაქე თავად წყვეტს რომელი ვალუტაა მისთვის უფრო სანდო და საიმედო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის, აღნიშნულმა ცვლილებებმა ზიმბამბვეს ეკონომიკაზე მაინც სასიკეთოდ იმოქმედა: 2017 წლის სექტემბერში ინფლაციის დონე ამ ქვეყანაში მხოლოდ 0,78 % იყო.

იუგოსლავია - 1994 წელი

1994 წლის იანვარში იუგოსლავიაში ინფლაციამ 313 000 000 % შეადგინა. მიზეზი აქაც იგივე იყო: ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით სახელმწიფომ მეტი ფული დაბეჭდა. სოციალისტური ეკონომიკის დასაფინანსებლად სახელმწიფო უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა, რამაც ქვეყანა ჰიპერინფლაციამდე მიიყვანა. მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო, როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა განევითარებინა მაღაზიათა ქსელი, სადაც პროდუქცია ხელოვნურად დაბალ ფასად გაიყიდებოდა. ამ ქსელმა ვერ იმუშავა, ქვეყანაში სასაქონლო დეფიციტი დაიწყო, ხოლო იმ ბაზარზე, სადაც პროდუქცია ხელმისაწვდომი იყო, ფასებიც საკმაოდ მაღალი გახლდათ. უარყოფითი პროცესები შემდეგშიც გაგრძელდა: 1990-იან წლებში, იუგოსლავიის მთავრობამ სავალუტო რეზერვები გამოიყენა და მოქალაქეების დანაზოგების მითვისება დაიწყო.

გერმანია - 1923 წელი

ამ პერიოდში გერმანიაში ინფლაცია 29 500 %-ს გაუტოლდა. 1923 წლის კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა სახელმწიფომ რეპრესიული საგადასახადო პოლიტიკა გაატარა, ეკონომიკური მდგომარეობა უკონტროლო გახდა და ფინანსური სირთულეები წარმოიქმნა. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ, ეს იყო მოულოდნელი ,,ქაღალდის ფულის წყალდიდობა’’ ეკონომიკაში. მთავრობამ ბაზარზე დამატებით ვალუტა გამოუშვა. ომისაგან განადგურებულ ქვეყანაში ფულის მასა ბევრად მეტი იყო, ვიდრე წარმოებული პროდუქტი, რამაც ინფლაციური პროცესები გამოიწვია. ფასები კონტროლს აღარ ემორჩილებოდა, რაც უფრო და უფრო მეტი ფულის ბეჭდვას მოითხოვდა და ქვეყანაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდა. ამის გამო გერმანიაში ძალზე უჩვეულო და კომიკური ფაქტები ხდებოდა, მაგალითად: ერთმა გერმანელმა ქალბატონმა სახლი გაყიდა, რომ ამ ფულით დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაეტარებინა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ფული პურის საყიდლადაც არ ეყო. მსგავსი რამ გერმანიაში ხშირად ხდებოდა.

საბერძნეთი - 1944

ამ ჩამონათვალს ასრულებს საბერძნეთის კრიზისი, სადაც 1944 წელს ინფლაცია 11 300 %-ს გაუტოლდა, ხოლო ფასები ყოველ 5 დღეში ერთხელ ორმაგდებოდა. ნეგატიური პროცესები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, რის გამოც საბერძნეთის ეროვნული შემოსავალი 70%-ით დაეცა. მესამე რეიხმა საბერძნეთის ეროვნული ბანკიდან იძულებით აიღო სახელმწიფო ვალი, რაც ცხადია უკან არავის დაუბრუნებია. დეფიციტის დასაფინანსებლად სახელმწიფომ ფულის ბეჭდვა დაიწყო, რამაც ეკონომიკა ჰიპერინფლაციამდე მიიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ საბერძნეთი გაძარცვა, რამაც თავისი კვალი დატოვა ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ საბერძნეთმა უარი თქვა გერმანიისათვის ვალის დაბრუნებაზე და პირიქით, მისგან მოითხოვა ომის პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ბერძენი ექსპერტების გაანგარიშებით, ეს ვალი დღევანდელი კურსით 11 მილიარდ ევროს შეადგენს.“

ხათუნა ჩიგოგიძე