2018 წელს საქართველოში იაფი გაზის წილი გაიზრდება

დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოს გაზის ნატურით მიღების ახალი შესაძლებლობა ექნება.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება ძვირი გაზის იმპორტს ცოტათი შეამცირებს და გარკვეული მოცულობის გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვის საშუალებაც გაჩნდება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ეს ინფორმაცია კომპანია "ბიპის" რეგიონალურმა პრეზიდენტმა გერი ჯონსმა დაადასტურა.

მისი თქმით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში გათვალისწინებული პროექტები შეთანხმებული ბიუჯეტისა და დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და მილსადენი მზად არის.

"ვფიქრობ, რომ "შაჰდენიზის საბადოდან" საქართველოს გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ", - აცხადებს ჯონსი.

"ბიზნესკონტრაქტის" ინფორმაციით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში 3 500-კილომეტრიანი გაზსადენის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ექვს სახელმწიფოზე გაივლის.

ქართული მხარე გლობალურ პროექტზე დიდ იმედს ამყარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, საქართველო ამით პოლიტიკურ დივიდენდსაც მიიღებს, რადგანაც იგი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

"ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ამოქმედება საქართველოს სერიოზულ სარგებელს მოუტანს. პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესოა ფაქტი, რომ პროექტი რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება. პირდაპირ ჩანს, რომ საქართველოსთვის იგი პოლიტიკურად ძალიან კარგი პროექტია, რაც პროექტის ფარგლებში იკვეთება.

მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდ შანსს გვაძლევს, რადგან მისი ოპერატორები, მომხმარებლები და სხვა პროექტთან დაკავშირებული მხარეები დაინტერესებული არიან ამ ტერიტორიაზე სტაბილურობითა და მშვიდობით. შესაბამუსად, ეს არის სერიოზული პოლიტიკური დივიდენდი და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი ქვეყნისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელი, რასაც ქვეყანა მიიღებს. ბუნებრივია, ჩვენ გვეკუთვნის ტრანზიტის ღირებულება და მას მივიღებთ ნატურით. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი აირის შესყიდვა შეღავათიან ფასადაც შეგვეძლება", - განუცხდა "რეზონანსს" ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით დაზარალებულ საქართველოს გაზის მოცულობის დასაბალანსებლად ამიერიდან ახალი შესაძლებლობა გაუჩნდება.

"სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ჩაშვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზის მოთხოვნილების დასაბალანსებლად და საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მოგვაკლდა მაგისტრალური გაზსადენიდან გაზის ნატურით მიღების შესაძლებლობა, რაც ჩვენთვის ბოლო დროის დიდი წარუმატებლობაა. ამით საერთო ბალანსიდან გაზის დიდი რაოდენობა დაგვაკლდა.

სამომავლოდ შეგვეძლება, ბუნებრივი აირი ნატურით მივიღოთ და გარკვეული მოცულობაც შეღავათიან ფასად შევიძინოთ. ეს, ცხადია, მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს იმპორტს, მაგრამ ცოტაოდენი შეღავათი მაინც გვექნება, რაც საბოლოოდ სატარიფო პოლიტიკაზეც აისახება და ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია", - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "სამხრეთის გაზის დერეფანი" სამი ცალკეული მილსადენისგან შედგება. პირველი - სამხრეთკავკასიური მილსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს. სამხრეთკავკასიური მილსადენით გათვალისწინებულია პროექტ "შაჰ-დენიზის" ფარგლებში მოპოვებული გაზის გადაქაჩვა. ეს მილსადენი იწყება ბაქოში, გაივლის მთელ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთის საზღვარზე სრულდება.

მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა 9 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა მომავალში ის 25 მილიარდამდე გაიზრდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კასპიის ზღვის ბუნებრივი აირი ევროპაში მოხვდება. აქამდე მას მხოლოდ საქართველო და თურქეთი ყიდულობდა, ხოლო ყაზახეთი და თურქმენეთი, ძირითადად, რუსულ და ჩინურ ბაზრებზე აკეთებენ აქცენტს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"