მერია უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟს გეგმავს

ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი მოხდება.

აღნიშნული ტერიტორია დღეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ასევე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბაგრატიონმა და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი გონივრულ ვადებში მოხდება. მისივე განმარტებით, მელაანის ქუჩაზე აღნიშნული სახლები უკანონოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშია აშენებული.

”ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ის ოჯახები, რომლებიც წლების მანძილზე კონკრეტულ სახლებში ცხოვრობდნენ და თაობები გაზარდეს, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ მოახდინეს ქონების რეგისტრაცია, ამ ნაწილში როგორც ცნობილია აქტიურად ვმუშაობთ და ასეთ ოჯახებს პერიოდულად გადავცემთ და ვუკანონებთ ფართებს. აქ კი სრულიად გასხვავებული შემთხვევებია, როდესაც ქაოტურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე არის კონკრეტულ ტერიტორიაზე აშენებული ნაგებობები, რომლებსაც არანაირი ნებართვა და საკანონმდებლო პროცედურები არ გაუვლია, რაზეც მოსახლეობას ვესაუბრეთ. მათ მივცემთ შესაბამის ვადას და ამ ვადაში უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გატარება. აქ შესაძლოა ორი თვის წინ აშენებული სახლიც იყოს და შესაძლოა, რამდენიმე თვის წინაც. გეტყვით, რომ სახლები, რომლებიც უკანონოდ არის აშენებული დედაქალაქის მასშტაბით, ყველას მიეცემა ეტაპობრივად გონივრული ვადები, შესაბამისად, მოხდება მათი დემონტაჟი. ხოლო ის სახლები, სადაც მართლაც ბიუროკრატიული პროცესების გამო, ვერ დაიკანონა მოსახლეობამ, განვიხილავთ და აუცილებლად დავაკანონებთ. ბოლო თვეებში ასე ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე აშენებული სახლების დემონტაჟს კი განვახორციელებთ”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება საკითხს, რატომ არ მოხდა ამაზე ადრე რეაგირება, მისი თქმით, იყო საკითხები, რომლებზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა, არის საკითხები, რომლებზეც ახლა ხდება რეაგირება.