აშშ მთვარეზე ბრუნდება

აშშ-ს პრეზიდენტმა “NASA”-ს მთვარეზე პილოტირებული მისიის ორგანიზების განკარგულება მისცა.

დონალდ ტრამპმა შესაბამის დირექტივას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებისთვის სპეციალისტებმა კოსმოსის ათვისების ინოვაციური პროგრამა უნდა შექმნან. მისივე თქმით, ამჯერად ამერიკელები მთვარეზე დროშის დასარჭობად და ფეხის ნაკვალევის დასატოვებლად არ ჩავლენ, არამედ ეს მისია უნდა გახდეს ადამიანის მარსზე მოგზაურობის საწინდარი.

ხელმოწერის ცერემონიას ყოფილი და მოქმედი ასტრონავტები ესწრებოდნენ, მათ შორის პეგი ვიტსონი, რომლის ყოფნა ორბიტაზე 665 დღის განავლობაში რეკორდულია ამერიკელი ასტრონავტებისთვის და ზოგადად ქალი ასტრონავტებისთვის. ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იყო 3,8 მილიარდი წლის ქვის ნატეხი, რომელიც მთვარიდან 1972 წელს „აპოლონ 17“-ის მისიის დროს ჩამოიტანა ჰარისონ შმიდტმა. ცნობისთვის, ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე ბოლოს სწორედ 45 წლის წინ, მისია „აპოლონ 17“-ის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტლებით დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელმაც 2010 წელს უარი თქვა მთვარეზე ადამიანის გაგზავნაზე.

როგორც NASA-ში აცხადებენ, აღნიშნული გაფრენისთვის, ისინი 2019 წლის ფისკალურ ბიუჯეტში დამატებით თანხებს მოითხოვენ, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება რა დაუჯდება ამერიკის ბიუჯეტს მორიგი ექსპედიცია.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ეს ბრძანება დროში დაემთხვა ჩინეთის მიერ გაცხადებულ ამბიციურ გეგმას, გააგზავნონ საკუთარი ექსპედიცია მთვარეზე. აღნიშნულის შესახებ ჩინელებმა ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადეს.

კოკა კვირკველია