სურსათი ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

„მოქალაქეებს ვურჩევთ, არ შეიძინონ და 6 თვემდე ასაკის ბავშვების კვებისთვის არ გამოიყენონ რძე, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას ე.წ. „ლაქტოზა ფრი მილქ“ - ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს წარმომადგენელმა, თამთა მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია არც საფრანგეთში და არ საქართველოში დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს პროდუქტი შესაძლოა სალმონელათი იყოს დაბინძურებული.

ცნობისთვის, საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია ფრანგული კომპანია "ლაქტაილის" (Lactail) მიერ წარმოებულ რძესა და რძის პროდუქტებზე. აღსანიშნავია, რომ „ლაქტაილის“ მიერ წარმოებული რამდენიმე პროდუქცია საქართველოშიც არის იმპორტირებული და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა უკვე დაწყებულია.

„პრევენციული ზომები მიღებულია. შეიძლება ერთეულ შემთხვევებში ქსელში არის დარჩენილი, თუმცა „ლაქტაილის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ქსელიდან სრულად გამოთხოვა მოხდა. ნიმუშის კვლევას 5 დღე სჭირდება და თუ სალმონელას არსებობა დადასტურდა, სურსათი განადგურდება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით შემიძლია მოქალაქეებს ვუთხრა, რომ „ლაქტაილის“ მიერ წარმოებული რძე ე.წ. „ლაქტოზა ფრი მილქ“, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიძინონ და 6 თვემდე ასაკის ბავშვების კვებისთვის არ გამოიყენონ, რადგან მართალია დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა საფუძვლიანი ეჭვია რომ ეს პროდუქცია სალმონელათი იყოს დაბინძურებული,“-აღნიშნა მიქანაძემ.