ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისში არსებული რესტორნები და ღამის კლუბები განსაკუთრებულად ემზადებიან და მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ.
თბილისის რესტორნებში საახალწლოდ ადგილების 70%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია. რაც შეეხება ფასებს, სხვადასხვა რესტორანსა თუ ღამის კლუბში ახალი წლის ღამის გატარება სხვადასხვა ფასი ღირს.
„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოკითხულ რესტორნებს სადღესასწაულო პროგრამები უკვე შერჩეული აქვთ.
როგორც რესტორანი „ბაბილო მიუზიკ ჰოლმა“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რესტორანში ადგილების დაჯავშნა თითქმის დასრულებულია. ერთი ადამიანის მომსახურება ახალი წლის ღამეს 100 დოლარის ეკვივალენტია, რაშიც შედის საახალწლო ვახშამი და კონცერტის საფასური.
რესტორანი 31 დეკემბერს 11 საათზე გაიხსნება, შოუპროგრამა კი პირველ საათზე დაიწყება.
ახალი წლის შეხვედრა რესტორან „ფუნიკულიორში“ ერთ პერსონაზე 270 ლარი ღირს. საფასურში შედის საახალწლო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელი, ღვინო და რა თქმა უნდა, საახალწლო კონცერტი ვარსკვლავების მონაწილეობით.
რესტორან „ავალონში“ ახალი წლის შეხვედრის ფასი 180 ლარიდან იწყება, ხოლო სტუმრების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ შემდეგი მომღერლები: თემო რცხილაძე, ელენე ფოჩხუა, ბორის ბედია, გოგა მესხი, დეა ქევხიშვილი, გარდა ამისა, ღონისძიებას გააფორმებს ქართული ცეკვები, სხვადასხვა გათამაშებები. შოუპროგრამა 23 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება.
ვისაც ახალი წლის შეხვედრა განსხვავებულად სურს, მათთვის კლუბებიც შესაბამის სამზადისში არიან და წვეულებებიც უკვე დაგეგმილი აქვთ. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკის შენობამ სიცოცხლე 2016 წელს დაიბრუნა და ახალგაზრდებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. „ფაბრიკაში“ ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება.
ღონისძიებაზე დასწრება 150 ლარი ღირს და მასზე მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირები დაიშვებიან. სტუმრების საახალწლო განწყობაზე იოანე არაბული იზრუნებს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეასრულებს მუსიკას აკუსტიკური, ელექტრო გიტარისა და ჰარმონიკის თანხლებით.
ღამის კლუბ BASSIANI-ში ახალი წლის ღამის „ივენთი“ უკვე დაგეგმილია და კლუბში მოხვედრა 20, 30 და 40 ლარი ღირს. თუმცა თითოეული კატეგორიის ფასის ბილეთები შეზღუდული რაოდენობითაა. ახალი წლის შეხვედრა ასევე შეგიძლიათ ღამის კლუბში „მტკვარზე“, სადაც მხოლოდ შესვლის ფასი 20, 30, 40 და 50 ლარია.
ლიკა ამირაშვილი