„რეზონანსი" - კრედიტები ძვირდება, მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში ჩაცვივდებიან

უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემას ვეღარ გაუმკლავდება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წლიურმა საპროცენტო განაკვეთებმა ისევ ზრდა დაიწყო. შესაბამისად, ძალიან მალე მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში ჩაცვივდებიან და საბოლოოდ ეს პროცესი მოსახლეობის გადახდისუუნარობით დასრულდება.

2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში 21,4%-ს აღწევს. ფიზიკური პირების შემთხვევაში, ლარში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია - 26,2% და სექტემბერთან შედარებით 0,4%-ით არის გაზრდილი. ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია მსესხებელი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება, რამდენადაც მათ კრედიტის დაფარვა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. შესაბამისად, ჭარბვალიანობის მაჩვენებელი მოიმატებს და ეს პროცესი დაწყებულია კიდეც.

ლარში გაცემულ სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდას "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის" თანადამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის ძვირ რესურსსა და ლარიზაციის პროგრამას.

"ჭარბვალიანობის მომენტი უკვე დამდგარია ქვეყნისთვის. ამ მხრივ პრობლემა აქვთ როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც მაღალ პროცენტებში გასცემენ სესხებს. შესაბამისად, ველოდები, რომ გაიზრდება "კრედიტ ინფოს" მონაცემთა ბაზაში მოხვედრილ პირთა რაოდენობა.

მოსახლეობა უფრო მეტად დაიტვირთება ვალით და ეს სამომავლოდ ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს - ადამიანები იქნებიან გადახდისუუნარონი. ამასთან, გაიზრდება საჩივრების რაოდენობა სასამართლოში, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებენ და ერი იქნება მუდმივად ვალის მქონე, ასეთი საზოგადოება კი ღირებულს ვერაფერს შექმნის.

დღესდღეობით ბანკები ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხებს ძვირად იღებენ. ამიტომაც გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც მაღალია. საბოლოოდ გამოდის, რომ ბანკებს იაფი რესურსი ლარში არ გააჩნიათ, შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, რომ სესხები კიდევ მეტად გააძვირონ", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

ლარში გაცემულ სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდას ფინანსისტი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის ძვირ რესურსსა და ლარიზაციის პროგრამას. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც შეიძლება სესხების გაძვირება უკავშირდებოდეს, ბერძენაძის ვარაუდით, ლარიზაციის პროცესია.

"ლარიზაციის მიზანი იყო, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ყოფილიყო დოლართან შედარებით და იმავე დროს მომხდარიყო ვალუტის გამყარება. როგორც ჩანს, დღეს ეს მიზანი ვერ სრულდება. თუ ლარიზაცია სურდა ეროვნულ ბანკს, მაშინ 100 000 ლარამდე არა მხოლოდ სესხების გაცემა უნდა აეკრძალა უცხოურ ვალუტაში, არამედ 100 000 ლარამდე დეპოზიტებიც, ხოლო ფასიან ქაღალდში ნებისმიერი სახის ინვესტიცია უნდა ყოფილიყო ეროვნულ ვალუტაში. ამით ბანკებს გაუჩნდებოდათ ლარის რესურსი", - განმარტავს იგი.

იმ ქვეყნებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი არის დაბალი, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც დაბალია.

"ჩილეში რეფინანსირების სესხები გაიცემა 2.5%-ად, დიდ ბრიტანეთში - 0.5%-ად, უნგრეთში - 0.9%-ად, სამხრეთ კორეაში - 1.5%-ად, ავსტრალიაში - 2%-ად, პოლონეთში 2.5%-ად და ა.შ. შესაბამისად, ამ ქვეყნებშიც სესხები დაბალპროცენტიანია. საქართველოში კი კომერციული ბანკები ლარში რესურსს ძვირად იღებენ და ამიტომაც სესხებსაც ძვირად გასცემენ", - დასძენს ბერძენაძე.

რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს სპეციალისტების ნაწილს, რომელიც ფინანსური სექტორის გადაწყვეტილებას კრედიტებზე დამოკიდებულების ზრდის შემაკავებელ საშუალებად განიხილავს. შესაძლოა, ეს არ იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ ბანკების კონკრეტული მიზანი, თუმცა საბოლოოდ მაინც ნაბიჯები აქეთკენ იდგმება. ამიტომაც საპროცენტო განაკვეთების ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

"წესით, როცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მატულობს, ეს ნიშნავს, რომ მისი გაცემა იზღუდება. შესაბამისად, რისკი რჩება იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აიღო კრედიტი, მაგრამ მომავალში უფრო ნაკლები ხალხი შეძლებს სესხის მიღებას ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მეშვეობით. ჩემი აზრით, ეს არის შეზღუდვის მექანიზმი, რაც აუცილებელი იყო კიდეც.

სიძვირის პირობებში ბევრი ადამიანი კრედიტის აღებას გადაიფიქრებს. როცა ფულის მიღების შესაძლებლობა იზღუდება, გარკვეულწილად, ფასების ზრდის შეზღუდვაც ხდება. ამის შემდეგ ის შედარებით დასტაბილურდება.

გასაგებია, რომ ფულის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა თავისთავად ეკონომიკური ზრდის ტემპს აგდებს, მაგრამ დღეს მთავარი რისკი მაღალი ფასებია, რისი დაძლევაც ქვეყნისთვის საკმაოდ რთულდება. ვფიქრობ, საპროცენტო განაკვეთების ზრდით საბაზრო ტენდენციის შეჩერება შესაძლებელია", - განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,2% იყო, 2016 წელს კი - 9,2%.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"