გადასატანი კოტეჯების ქართული ბრენდი ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება

გადასატანი კოტეჯების ქართული ბრენდი Kote.ge, რომლის აწყობაც 25 წუთშია შესაძლებელი, ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება.

კერძოდ, Kote.ge, თავის მომხმარებელს 16-17 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე Startup Expo უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება კოტეჯისა და მისი შესაძლებლობების შეფასება.

„ჩვენ ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი მოთხოვნა და მივიღოთ შეკვეთები. ამასთან, მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ ურიგო მომსახურების ბარათები, ფასდაკლებები, საჩუქრები და სხვა სასიამოვნო შეთავაზებები,“-აცხადებენ Kote.ge-ში.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში, სადაც მთავარი პრიზი 9 კვადრატული მეტრი ფართის კოტეჯი იქნება.

როგორც Kote.ge-ს დამფუძნებელი ლევან ტყემალაძე ორი თვის წინ აცხადებდა, თავდაპირველად, 9 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯების გაყიდვა დაიწყება. რაც შეეხება ღირებულებას, მისივე ცნობით, კოტეჯის ფასიც მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, ზოგადად კოტეჯის საორიენტაციო ღირებულება 5 000 ლარია, თუმცა, შესაძლოა, მომხმარებელს 4 500 ლარიანი არჩევანიც შესთავაზონ.