მშენებლობების 50% ვაკე-საბურთალოზე მოდის

კომპანია KPMG Georgia-მ „ამწეების ინდექსი“ გამოაქვეყნა, რომელშიც 2017 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში განხორციელებული მშენებლობებია გაანალიზებული.

კვლევა მხოლოდ მასშტაბურ მშენებლობებს მოიცავს და მასში არ შედის მცირე ზომის კომპლექსების მშენებლობა.

საანგარიშო პერიოდში სამშენებლო მოედნებზე გამოვლენილი იყო 117 ამწე, რაც 2017 წლის პირველ კვარტალთან (107 ამწე) შედარებით 9,3%-ით მეტია, ზრდას წარმოადგენს (107 ამწე).

კვლევის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ყველაზე მიმზიდველი დეველოპერებისა და კერძო ინვესტორებისთვის იყო. აღნიშნულ სეგმენტზე სამშენებლო სამუშაოების 67.2% მოდის, ხოლო მულტიფუნქციურ შენობებზე კი 15,5% მოდის.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მშენებლობა ვაკეში დაფიქსირდა. ვაკის რაიონი პირველ ადგილზეა ათას მოსახლეზე ამწეების რაოდენობის მიხედვით.

მას მოსდევს საბურთალო, ისანი-სამგორი, ნაძალადევი და გლდანი. ჯამში მშენებლობების 50% ვაკე-საბურთალოზე მოდის.

2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით (26 ამწე), საანგარიშო პერიოდში ვაკეში 31 ამწე იყო გამოვლენილი. აქედან ოთხი ამწე გაჩერებული ან მშენებლობის საბოლოო ეტაპზე იყო; 22 ამწე გამოყენებული იყო საცხოვრებელი შენობების მშენებლობისთვის; დანარჩენი ხუთი ამწის გამოყენება ხდება მულტიფუნქციური პროექტების მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების თანახმად, თბილისის უბანი, სადაც ყველაზე დაბალი სამშენებლო აქტივობაა დაფიქსირებული, კრწანისია. აღნიშნულ უბანში სულ ოთხი ამწე დაფიქსირდა, რომელიც გამოყენებული იყო საცხოვრებელი შენობების მშენებლობისთვის.