რა დაჯდება საახალწლო სუფრა?

ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტების შეძენას უკავშირდება. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ წელს შეძლებისდაგვარად ბარაქიანი სუფრით შეხვდეს.

საახალწლო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია. თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში საახალწლო სუფრის მოსამზადებელი ყველა საჭირო პროდუქტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი.

თბილისის ყველაზე დიდი, „დეზერტირების“ ბაზარი ჯერჯერობით ახალი წლის საყიდლებისთვის გამოსული კლიენტების ნაკლებობას უჩივის.

საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის - ინდაურის ფასი 70 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. წინა წელს, საახალწლოდ, ინდაურის ფასი 65 ლარიდან იწყებოდა. გამყიდველთა თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები კიდევ უფრო აიწევს. ნიგვზის ფასიც საკმაოდ მრავალფეროვანია, მისი ფასი 20 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს. აქაც ფასები მომატებულია. რაც შეეხება თაფლს, მისი ფასი ბაზარში 15-დან 18 ლარებში მერყეობს.

ერთი კილოგრამი ქათმის ფასი თბილისის ბაზრებში 5-6 ლარი ღირს. რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი 4 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის. „ცოცხალი“ თევზის ფასი 12-15 ლარი ღირს.

ინდაურის მსგავსად, ბაზარში გასაყიდად უკვე გამოიტანეს გოჭი, რომლის ფასი 65 ლარიდან იწყება და 160 ლარამდე ადის. 1 კილოგრამი გოჭის ხორცი 15-16 ლარი ღირს.

რაც შეეხება საქონლისა და ღორის ხორცს, აქაც ფასები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელი ნაჭრის ყიდვა გსურთ და შესაბამისად 11-დან 13 ლარამდე მერყეობს. 1 კგ. ყველის ფასი კი 10-დან 17 ლარამდე მერყეობს. ბაზარში ჩურჩხელას ყიდვა 1-დან 4-ლარამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ხილის ფასს, ადგილობრივი ვაშლის ფასი 3-3,5 ლარი ღირს, ხოლო იმპორტირებული 4 ლარი. მანდარინის ფასი 2 ლარიდან 3.5 ლარამდე მერყეობს. ფორთოხალი 3-4 ლარი ღირს, კივი კი 3.5 ლარია.

მოვაჭრეთა თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს ახალი წლის წინა დღეებში ფასი მცირედით მოემატება.

ლიკა ამირაშვილი