ახალი წლის დადგომამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრმა უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ სად და რა გარემოში შეხვდება ახალ, 2018 წელს.
როგორც ფასდაკლების ვებგვერდის, Hotsale-ის დირექტორმა, თათული ზაკალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალი წლისთვის ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს თითქმის ყველა მიმართულება გააქტიურდა.
„გასულ წელთან შედარებით, წელს ბრენდული კომპანიები აქტიურობენ. ჩვენი ვებგვერდი განახლდა და კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ უფრო მასშტაბური პიარკამპანია აწარმოონ.
რაც შეეხება სასტუმრობს, ბაკურიანისა და გუდაურის თითქმის ყველა სასტუმროს შეთავაზება გვაქვს საიტზე. ასევე ძალიან აქტუალურია ბათუმისა და კახეთის მიმართულებებიც. ფასები სასტუმროების მიხედვით განსხვავებულია და 20-დან 200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზოგ შეთავაზებაში სამჯერადი კვება შედის, ზოგიერთი კი კვების გარეშეა. ძალიან კარგად იყიდება სასტუმრო „კასტელო მერეს“ შეთავაზებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გუდაურისა და ბაკურიანის სასტურმო, ამ სეზონზე რეკორდული გაყიდვა აქვს. საქართველოს მასშტაბით ათვისებული გვაქვს ყველა სასტუმრო.“ - განაცხადა ზაკალაშვილმა.
მისი თქმით, Hotsale-ის მომხმარებელმა სასტუმროების დაჯავშნა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა დეკემბრის დასაწყისში კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
„Hotsale-ის სეგმენტი რადიკალურად შეცვლილია. წინა წლებში თუ ჩვენი მომხმარებლის 70 პროცენტი საშუალო და დაბალი კლასის სასტუმროს მომხმარებელი იყო, წელს უფრო მეტი მოთხოვნა საშუალოზე მაღალი დონის სასტუმროებზე მოდის.
მოთხოვნა გაზრდილია მაღალი კლასის სასტუმროებზეც. ზოგიერთ სასტუმროს შემთხვევაში 60 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ განახლებული ვებგვერდი გვაქვს, უფრო საინტერესო და სხვადასხვა სიახლეებით დატვირთული.
რაც შეეხება თბილისის სასტუმროებს, მათზე მოთხოვნა კერძო სახლებმა ჩაანაცვლა. კერძო სახლებში გაჩერების საფასური ორჯერ ნაკლებია, ამიტომ თბილისის სასტუმროში ფულის გადახდის გადაწყვეტილებას ცოტა თუ იღებს.
საახალწლოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს კვების ობიექტები. კომპანიები ძირითადად კორპორატიულ სეგმენტზე მუშაობენ. ყველაზე მეტი ჯავშანი საახალწლო ღამეებზე მოდის. ასევე აქტიურდება ესეთეტიკა. ზამთარი ის სეზონია, როცა ბევრი მიმართულება ხდება მოთხოვნადი - კვება, სილამაზე, ჯანმრთელობა და ტურიზმი,“ - აღნიშნა ზაკალაშვილმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა.
ჩვენ მიერ გამოკითხულ სასტუმროებს სადღესასწაულო პროგრამები უკვე შერჩეული აქვთ. როგორც გაირკვა, მომხმარებლებმა სასტუმროების დაჯავშნა ახალ წლამდე ერთი თვით ადრე დაიწყეს. სადღესასწაულო პერიოდში ადგილები თითქმის ყველგან შევსებულია, ან რამდენიმე ადგილია დარჩენილი.
როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ბაკურიანი რეზორთმა“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ახალი წლისთვის ჯავშნების გაკეთება მომხმარებლებმა ნოემბრიდან დაიწყეს და თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ აქვთ. რაც შეეხება ფასებს, ერთ ადამიანს ამ სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება 120 ლარი დაუჯდება. 5 წლამდე ბავშვებისთვის მომსახურება უფასოა, ხოლო 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის 60 ლარი ღირს.
კახეთში მდებარე სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ ახალი წლის შეხვედრა 2 ადამიანს 590 ლარი დაუჯდება. ორდღიანი შეთავაზება მოიცავს, ორ ადგილიან ნომერს, სადღესასწაულო ვახშამს და კონცერტზე დასწრებას.
განსხვავებული ფასებია ყაზბეგის “რუმსში“ და დღეების მიხედვით იცვლება. ახალი წლის ღამის გატარება აღნიშნულ სასტუმროში 350 დოლარიდან 700 დოლარამდე მერყეობს. ფასების ცვლილება დამოკიდებულია ოთახების მდეობარეობაზე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, სასტუმროში გაჩერების საფასური შედარებით მცირდება და 250-დან 450 დოლარამდე მერყეობს. შეთავაზებაში შედის ნომერი, დილის საუზმე, საზეიმო ვახშამი და კონცერტი ბენდის შესრულებით.
სხვა სასტუმროების მსგავსად, კაჭრეთში მდებარე „როიალ ბატონიც“ ახალ წელს შესაბამისი პროგრამით ხვდება. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ორდღიანი და სამდღიანი პროგრამები აქვთ. ორდღიანი მოიცავს სამჯერად კვებას, ასევე ორივე დღეს სასდღესასწაულო ვახშამს, ცოცხალ მუსიკას, ცეკვებს, დიჯეის და სახალისო გათამაშებებს. ეს ყველაფერი ორ ადამიანზე ღვინის ჩათვლით 1250 ლარი ღირს. სამდღიანი პროგრამა კი 1500 ლარი ღირს. მათი თქმით, სასტუმროში საახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე ადგილია თავისუფალი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გუდაურში მდებარე „მარკო პოლოს“ ადამინისტრაციამ განუცხადა, ახალი წლისთვის ადგილები აღარ აქვთ, ხოლო ახალი წლის შეხვედრა ამ სასტუმროში ერთ ადამინს 100 დოლარი უჯდება.
ლიკა ამირაშვილი