"ინტერნიუსი - საქართველოს" მიერ ორგანიზებული მედიაჰაკათონის - "ინოვაცია ოლნაინმედიაში" სამი გამარჯვებული 24 დეკემბერს ჟიურიმ გამოავლინა.
"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისიტეტისა და მედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიის" მხარდაჭერით ჩატარებული მედიაჰაკათონის მონაწილეები 22-24 დეკემბერს გამოცდილ ქართველ და უცხოელ მენტორებთან ერთად თავიანთ იდეებსა და ტექნოლოგიურ რესურსებზე მუშაობდნენ, რომლებიც მედიას საქმიანობაში - კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება. მედიაჰაკათონში 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მესამე დღეს ჟიურის თავიანთი ინოვაციური იდეები დეტალურად გააცნეს.
იდეების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეები ჟიურის შეკითხვებს პასუხობდნენ, თუ რატომ იყო მათი პროექტი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამ სფეროს წარმომადგენლებს სამუშაო პროცესს როგორ გაუმარტივებდა. ჟიური, რომელიც ძირითადად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, სვამდა კრიტიკულ შეკითხვებსაც, ცდილობდა, ღიად არც ერთი საკითხი არ დარჩენილიყო. პრეზენტაციამ დიდი კონკურენცია წარმოაჩინა, ამიტომ ჟიურის წევრებმა საკუთარი არჩევანი მონაწილეებთან ხანრგრძლივი დისკუსიის შემდეგ დააფიქსირეს.
მედიაჰაკათონში მონაწილე გუნდებს წარმოდგენილი ჰქონდათ ონლაინ მედიაში ვიდეოს ინტეგრირების, აუდიტორიის კვლევის, ჟურნალისტური ნამუშევრების აუდიო ფორმატში ჩაწერის, სარეკლამო ბაზრის შესახებ ინფორმირებისა თუ თამაშების პროექტები, საიდანაც ჟიურის სამი საუკეთესო უნდა ამოერჩია.
გუნდები ხმის მიცემის შემდეგ შედეგების გამოცხადების პროცესს მოუთმენლად ელოდნენ, საბოლოოდ კი საუკეთესო პროექტების ავტორებად დასახელდნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის გუნდი, გუნდი "მიქსერი" და გუნდი "2" - მათ თავიანთი პროექტების განსახორციელებლად 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცათ.
"ინტერნიუსი - საქართველოს" პროექტის დირექტორის, მაია მიქაშავიძის შეფასებით, გამარჯვებული პროექტები რეალისტური და შესრულებადია და ისინი ქართულ მედიაბაზარს განვითარებაში ძალიან დაეხმარება.
"გუნდების წევრებმა მენტორებს მოუსმინეს, შედეგად, მათმა პროექტებმა პროგრესი განიცადა, მოხდა მათი საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ჰაკათონის მესამე დღეს ეს ღონისძიება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. ვფიქრობ, რომ ამ მედიაჰაკათონში ყველაზე ღირებული ელემენტი მენტორები იყვნენ, რადგან მათი ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა.
მედიაჰაკათონში მონაწილეობდა რამდენიმე ისეთი გუნდი, რომლებიც თავიდან გამოცხადდნენ, შემდეგ იდეაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ პროექტიდან წასვლა არ უნდოდათ, იმიტომ რომ მენტორებთან ურთიერთობა ღირებული იყო, ეს იყო სასწავლო პროცესი, აზრების კოლეგიალური გაცვლა," - განმარტავს მაია მიქაშავიძე.
მედიაჰაკათონის შედეგების გამოცხადების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მენტორებს პირობა მისცეს, რომ პროექტებზე უახლოესი თვეების განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის გუნდის წევრს, ბაქარ ფალავანდიშვილს, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გამარჯვებულ გუნდებს შორის მოხვედრის მოლოდინი ჰქონდა, რადგან პროექტზე დაახლოებით 10-მა ადამიანმა ბევრი იშრომა, შედეგად კი ჟიურიმ პროექტის უნიკალურობა დააფასა.
"ჩვენი ვებსერვისის დახმარებით, რეკლამის განმთავსებლებს სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიებას გავუმარტივებთ. მაგალითად, რა ჯდება ინტერნეტში რეკლამის განთავსება. ასევე მხოლოდ ინტერნეტით არ შემოვიფარგლებით და რეკლამის განთავსებას როგორც გარე ბილბორდებზე, ისე რადიოსა და ტელევიზიაში ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში გვექნება ე.წ სრული "ფრილანსერ" სერვისი, რომლის მეშვეობითაც ქართველ "ფრილანსერებს" მიეცემათ სხვადასხვა პროექტში დასაქმების საშუალება, ეს ყველაფერი კი ერთი ვებსაიტიდან გაუსვლელად მოხდება," - განმარტავს ბაქარ ფალავანდიშვილი, რომლის გუნდის მენტორიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის ხელმძღვანელი, ლევან ტაბატაძე იყო.
ლევან ტაბატაძისთვის ჰაკათონის მესამე დღე განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა, რადგან მისი შეფასებით, კონკურენცია ძალიან დიდი იყო, გუნდებმა საინტერესო იდეები წარმოადგინეს, რომელთა შორისაც ღირსეულებმა გაიმარჯვეს.
"ვფიქრობ, ეს გუნდები გამარჯვებას იმსახურებდნენ. ერთ-ერთი გუნდის იდეა, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, ქართულ მედიას რეკლამის უფრო იოლად გაყიდვაში დაეხმარება, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია," - დასძინა მან.
გამარჯვებული გუნდის, "მიქსერის" იდეა კი მედიასივრცეში თამაშების შემოტანას გულისხმობს, რომელმაც ჟიურის წევრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გუნდის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ ქანთარიას თქმით, ქართულ მედიასივრცეში თამაშების შემოტანა ინოვაციური იდეაა, რომლის რეალიზებაც ორ დღეში მოხდა.
"წარმოდგენილი პროექტები ძალიან მოგვეწონა, ბევრი კარგი კონკურენტი გვყავდა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი გამარჯვება მრავალფეროვანი პროექტის შეთავაზებამ განაპირობა. ჩვენი პროექტის თავდაპირველი ვერსიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც შეეხება უკვე მოქმედ ვერსიას, მას დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში დავამუშავებთ. პროექტზე 4 ადამიანი ვმუშაობდით და ამ დღეების განმავლობაში იმაზე დიდი შედეგი დავდეთ, ვიდრე თავიდან გვქონდა მოფიქრებული," - აღნიშნავს ის.
მესამე გამარჯვებული გუნდი "2," რომელიც სამი წევრისგან შედგება, ჟიურისთვის კიდევ ერთი
საინტერესო იდეით იყო წარმოდგენილი, რომელიც სტატიის წერისას ვიდეოში გამოსაყენებელი რელევანტური კონტენტის ავტომატურად გამოკვეთაში მდგომარეობს. გუნდის წევრის, ნიკა ოთიაშვილის თქმით, ამ ფორმით დროის დაზოგვაა შესაძლებელი.
"მიღებული გრანტის გამოყენებას ჩვენი იდეის განსავრცობად და ქართულ ბაზარზე გასატანად ვაპირებთ. ქართულ მედიასივრცეს ასეთი რამ ნამდვილად აკლია და გვინდა, რომ ეს იდეა, სწორედ ჩვენს ქვეყანას მოვარგოთ, რომ უცხოურის მსგავსად, აქ არსებულ მედიასაშუალებებსაც ჰქონდეთ ასეთივე სწრაფი კონტენტის შექმნის საშუალება. ჰაკათონის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ვიდეოსთან დაკავშირებული პროექტის გაკეთება გვინდოდა და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ გვძინებია, გამოვიდა კიდეც," - აღნიშნავს გამარჯვებული.
მედიაჰაკათონის შედეგების გამოცხადების შემდეგ სერტიფიკატი ყველა მონაწილეს გადაეცა, გუნდებმა, ორგანიზატორებმა და მენტორებმა კი წარმატებული პროექტის ჩატარება გლინტვეინის საშობაო წვეულებაზე აღნიშნეს.
მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE