2017 წლის მსოფლიო რეიტინგები, რომელშიც საქართველო მოხვდა

2017 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგიდან საქართველოს პოზიციები ზოგან გაუმჯობესდა, ზოგან კი პირიქით, გაუარესდა.

”ბიზნესპრესნიუსი” იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც 2017 წელს საქართველო მოხვდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 3,70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა. "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში წინა მონაცემებთან შედარებით, საქართველომ 1 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.

გლობალური მშვიდობის ინდექსის თანახმად, საქართველოში მშვიდობის დონე "საშუალო შკალით" შეფასდა.

2017 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს 2.084 ქულით მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 94-ე პოზიცია ერგო. "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ინდექსში საქართველოში მშვიდობის დონე „საშუალო შკალით“ არის შეფასებული. ამასთან, ინდექსის თანახმად, საქართველო იმ რვა ქვეყანას შორისაა, სადაც 2008-2016 წლებში მშვიდობიანობის მაჩვენებელი დაბალიდან საშუალო შკალამდე გაუმჯობესდა.

გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო ოთხი პოზიციით დაქვეითდა

2017 წლის „გლობალური ინოვაციის ინდექსში“ მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის საქართველო 34.39 ქულით 68-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან დაკავშირებით, საქართველო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით მე-8 ადგილზე იმყოფება.

აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 32-ე პოზიციაზეა

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (IFPRI) 2017 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა. ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულა 7,7 და ამ მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ინდექსში საქართველო 8,2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.

საქართველო „კარგი ქვეყნების ინდექსში“ დაქვეითდა

"კარგი ქვეყნების ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 49-ე პოზიციაზეა. გასული წლის ინდექსში საქართველო 162 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო. ყოველწლიური ინდექსი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა წვლილი შეაქვთ ქვეყნებს მსოფლიოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუმჯობესდა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტის თავისუფლების (Freedom on the Net 2017) 2017 წლის ინდექსში საქართველომ 24 ქულა მოიპოვა. ცნობისთვის, ინდექსში 0 ქულით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფასდება, 100 ქულით კი ყველაზე არათავისუფალი. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.

საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით საუკეთესო 153 ქვეყანას შორის 52-ე პოზიციაზეა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes-ის ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ცნობისთვის, „ფორბსის“ წინა წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ე პოზიციაზე იყო.

მდიდარი ინვესტორებისთვის ერთი საფეხურით უფრო მიმზიდველი საქართველო

2017 წელს პირველად უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მუდისის ინვესტორების სერვისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-დან Ba3-მდე გაზარდა, ქვეყნის პერსპექტივა კი კვლავ „სტაბილურად“ შეაფასა. მუდისის ინვესტორების სერვისის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის გაზრდა განაპირობა ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ, თვალსაჩინო მოქნილობამ, ეფექტურმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ბანკების ძლიერმა ზედამხედველობამ.

ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

„პასპორტის მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველოს პასპორტი 43-ეა

„პასპორტის მსოფლიო ინდექსის“ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილს იყოფს მონტენეგროსთან, მოლდოვასთან და მარშალის კუნძულებთან ერთად. საქართველოს მაჩვენებელი ინდექსში 105-ია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 105 ქვეყნასთან აქვს.

საქართველო "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" დაქვეითდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. ინდექსის თანახმად, საქართველო 137 ქვეყანას შორის 4,28 ქულით 67-ე პოზიციაზეა. 2016-2017 წლების ინდექსში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში საქართველო ბოლოდან მეოთხეა

მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში საქართველო ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, საქართველო 2017 წლის კვლევაში მონაწილე 139 ქვეყნიდან, 135-ე ადგილზე იმყოფება. მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგი ბრიტანულმა ორგანიზაცია "საქველმოქმედო დახმარების ფონდმა" გამოაქვეყნა.

საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში 29 ქვეყანას შორის მე-2 პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით 29 ქვეყანაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) კიბერუსაფრთხოების ინდექსში ევროპაში − მე-2, ხოლო საერთაშორისო დონეზე მე-8 ადგილი დაიკავა.

გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მე-8 პოზიციაზეა

გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) კვლევა 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ცნობისთვის, 2014 წლის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მე-16 ადგილს იკავებდა.

European Chamber-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოს რეიტინგი 4 პოზიციით გაუმჯობესდა

European Chamber-ის კვლევის - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ მიხედვით, საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი 64.7-დან 68.6-მდე გაიზარდა.

NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა

კვლევითი პორტალ NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის შვიდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა.

Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.

სოციალურად პროგრესულ ქვეყნებს შორის საქართველო 53-ე პოზიციაზეა

2017 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 70 ქულით 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე მოხვდა. წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ის ინდექსის თანახმად, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

მდიდართა შორის ყველაზე მდიდრები - რეიტინგი, რომელმაც ქვეყნის უმდიდრესი გამოავლინა

მილიარდერების მიხედვით შედგენილ მსოფლიოს ინოვაციურ რუკაზე საქართველოც მოხვდა. რუკაზე 4,5 მილიარდი დოლარით საქართველოს უმდიდრეს ადამიანად ბიძინა ივანიშვილია მითითებული. მსოფლიო რუკა მილიარდერების მიხედვით ვებ-გვერდმა HowMuch.net შექმნა. რუკა, ამა თუ იმ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანების მიხედვით არის შედგენილი. შესაბამისად, თითო ქვეყანას მხოლოდ ერთი მილიარდერი მიესადაგა.