2017 წელი აგრარული სექტორისთვის ურთულესი იყო - დარგის შემოსავალი მინუსებში გადავიდა

2017 წელს ჩვენი ქვეყნის აგრარულ სექტორში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ვარდნა აღინიშნა:

თუ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0 პროცენტი იყო, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოშვება 726 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,8%-ით ნაკლებია. სოფლის მეურნეობაში ნეგატიური ზრდა დაფიქსირდა წლის პირველ კვარტალში (-1.5%) და მეორე კვარტალშიც (-2.4%). ამ დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მცირეა. 2017 წლის ცხრა თვეში აგრარულ სექტორში ინვესტიციის სახით $9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ია. ეს მაშინ, როცა გასული სამი წლის განმავლობაში აგრარული სექტორის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და როგორ აფასებენ 2017 წელს ფერმერები და აგრონომები.

დემურ ფიფია - ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, აგრონომი, ფერმერი:

-ძალიან რთული წელი გვქონდა: ჯერ იყო და, ჭარბი ნალექი მოვიდა, მერე ამას ხანგრძლივი გვალვა მოჰყვა, რასაც დაერთო ობი, სოკო, ფაროსანა და დაავადებები, რამაც მოსავლიანობის შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში მცხოვრებმა ფერმერებმა წელს მოსავალი საერთოდ ვერ ავიღეთ. ჩვენი მთავარი იმედი თხილის კულტურაა, რომელიც ნაცარმა და ფაროსანამ გაანადგურა. ჩემს მაგალითზე გეტყვით: შარშანწინ ანუ 2015 წელს, 3,5 ტონა თხილი მოვიწიე, 2016 წელს - 1,5 ტონა, ხოლო 2017 წელს - 1,2 ტონა, ისიც ძალიან უხარისხო იყო და მიზერულ ფასად გაიყიდა. თხილისა და კივის ნარგავებზე სულ 4 500 ლარი დავხარჯე და მხოლოდ 2 200 ლარის შემოსავალი მივიღე. 4-5 ტონა კივის ნაცვლად წელს 300 კგ მივიღე. წელიწადში 40 ათასი ლარი მქონდა შემოსავალი, ახლა კი, მინუსებში ვარ გადასული. ბუნებრივია, რომ თითოეული გლეხის და ფერმერის მდგომარეობა აისახა საერთო სიტუაციაზე. ახლა ყველაფერი მობილიზებულია, რომ როგორმე დაავადებებს და ფაროსანას მოვერიოთ. ატარებენ ტრენინგებს, სადაც გლეხებს მოსავლის სწორად მოვლას და მავნებლებთან ბრძოლას ასწავლიან. ბევრ გლეხს არა აქვს საშუალება, რომ მოსავლის მოყვანაზე მსხვილი თანხა დახარჯოს, ამიტომ, ბუნებაზეა დამოკიდებული. წელს სამეგრელოს ბევრი სოფელი საერთოდ უსახსროდ დარჩა. მაგალითად: დარჩელში, ორსანტიაში, კოკში, ორულსა და სხვა სოფლებში მოსავალი ნულის ტოლი იყო.

კახა ბიჭიკაშვილი - ფერმერი, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს მკვიდრი:

-სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი სოფლის მეურნეობის იმედზე ვერ იქნება. წელს ბუნებამაც არ შეგვიწყო ხელი: გაზაფხულზე მოსულმა ყინვამ ქართლის სოფლები ძალიან დააზარალა, აპრილში ხილი ერთიანად გაიყინა, მერე კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში გვალვა იყო და ერთი წვეთი წვიმა არ გვეღირსა. ამის გამო, მოსავალი საერთოდ ვერ მოვიწიეთ, ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ხილი მინიმალური რაოდენობით იყიდება, ამიტომაც არის წელს ხილი ასე ძვირი.

გია ნინიძე - გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი:

-კახეთში წელს ცუდი წელიწადი არ ყოფილა, ყურძენს კარგი ფასი ჰქონდა და ხალხიც დაინტერესდა, ბევრი ვაზის ჩაყრას და ახალი ვენახების გაშენებას აპირებს. ყველაზე მეტად რა უშლის ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას? - ალბათ ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი დაუმუშავებელი მიწაა. ხალხს ფულიც არა აქვს, რომ ახალი ნაკვეთები შეიძინოს, მაგრამ ვისაც ამის სურვილი აქვს, ისიც ვერ ყიდულობს, რატომ? - ყველა დაუმუშავებელი ნაკვეთი ვიღაცის მფლობელობაშია. მე სულ ვამბობ - სანამ ერთი გოჯი მიწა მაინც იქნება დაუმუშავებელი, ამ დარგს არაფერი ეშველება-მეთქი. მიწის რეგისტრაცია ჩვენს ქვეყანაში ძალიან გართულებულია. დავუშვათ, ყიდვა მინდა, მაგრამ ეს ნაკვეთი ვიღაცის პაპისა, ან ბებიისა იყო და კანონიერად ვერ ვიფორმებ. ამას ხშირად სასამართლო დავა და ათასგვარი ხარჯი მოჰყვება, ხალხი ამ ხარჯს ერიდება და რჩება მიწები მიუხედავი და გამოუყენებელი. ხშირად ასეთ ნაკვეთს არც თავისი „კანონიერი“ პატრონი უვლის, მაგრამ არც სხვას უთმობს. ჩემი აზრით, ყველა ნაკვეთი, რომელიც დაუმუშავებელია, აღრიცხვაზე უნდა იყოს. უნდა მოიწვიონ მისი პატრონი და დაადგინონ, რატომ არ ამუშავებს, რატომ არ უვლის. თუ არ უნდა, ხომ შეიძლება სახელმწიფომ შეისყიდოს? მაგალითად, ველისციხეში ერთ კაცს 250 ჰექტარი მიწა აქვს ნაყიდი და ერთ ჰექტარსაც არ ამუშავებს. წარმოიდგინეთ, ამ 250 ჰექტარი მიწის დახმარებით რამდენ ადამიანს გაუჩნდებოდა წლიური სარჩო... ადამიანს ნაკვეთი რომ აქვს, მისი დამუშავების ვალდებულებაც უნდა ჰქონდეს. თუ დამუშავება არ უნდათ, რატომ ყიდულობენ ჰექტრობით მიწას? რაც შეეხება უცხოელებზე მიწის გასხვისებას, აქ სულ სხვა მექანიზმია საჭირო: მათ მიწა მუდმივ სარგებლობაში არ უნდა გადასცენ, თორემ 40-50-წლიანი იჯარით თუ გადასცემენ, კარგი იქნება - ამ გზით ინვესტიციებიც შემოვა და არც ჩვენი სიმდიდრე გადავა უცხოელების ხელში.

აკაკი ღლონტი - ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში:

-მეც ვფიქრობ, რომ გასული წელი სოფლის მეურნეობისთვის ურთულესი იყო: 25 აპრილის ყინვამ გურიაში, სამეგრელოში და იმერეთში მთელი მოსავალი გაანადგურა. უკვე ყველა მცენარე აყავავებული იყო და ამ ყინვამ ლამის ყველაფერი მოსპო. მეორე მიზეზი სოკოვანი დაავადება იყო, რომელიც თხილის პლანტაციებს მოერია. ახლა ყველაფერს ფაროსანას აბრალებენ, მაგრამ თხილისა და კივის მოსავალი დაავადებებმა არანაკლებ დააზიანა. მე, მაგალითად, 2017 წელს სულ მცირე, 10 ათასი ლარი მაინც ვიზარალე. გასულ წლებში 4-5 ტონა კივის მოსავალს ვღებულობდი და მხოლოდ 30-40 კილოგრამი მოვიყვანე. მოგეხსენებათ, თხილი დასავლეთ საქართველოში წამყვანი კულტურაა, წელს ის დაავადებული და უხარისხო იყო, ამიტომ, ქართული თხილის ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა, ბუნებრივია, ეს დანაკლისი დარგის მდგომარეობაზე აისახა და აგრარული სექტორის შემოსავალი მინუსებში გადავიდა.

ხათუნა ჩიგოგიძე