ციფრული ვალუტების რეიტინგის პირველ ათეულში შემავალი ვალუტების უმეტესობის ფასმა დღეს ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით დაიკლო.
ბიტფაინექსის პლატფორმაზე, ბიტკოინს თითქმის 14 პროცენტი დააკლდა და მისი ფასი 1 200 დოლარს ჩამოსცდა, რითაც ბოლო ოთხი კვირის მინიმუმი განაახლა. ბიტკოინის კაპიტალიზაცია 202 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.
კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე უდიდესი ვალუტის, ეთერიუმის ფასი 1 100 დოლარს ჩამოსცდა, როცა შაბათს 1423.20 დოლარი ღირდა. 104 მილიარდ დოლარამდე შემცირდა მისი კაპიტალიზაცია. კიდევ უფრო მკვეთრად, თითქმის 26 პროცენტით გაუფასურდა რიპლი, რომლის ფასიც 1.40 დოლარს ჩამოსცდა. მისი კაპიტალიზაცია 52 მილიარდ დოლარამდე არის ჩამოსული, როცა სულ ცოტა ხნის წინ, 100 მილიარდზე მეტი იყო და რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებოდა. 200 დოლარს ჩამოსცდა ლაიტკოინის ფასი.
გასული წლის ბოლოს, ციფრული ვალუტების ბაზარი არნახულად გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა, ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურ ზღვარს, 20 000 დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო. ახალი წლის შემდეგ კი ციფრული ვალუტების უმეტესობამ კლება დაიწყო.
ციფრული ვალუტების ბაზრის კლების პირველი ტალღა სამხრეთ კორეამ გამოიწვია, რომლის ხელისუფლებამაც, ქვეყანაში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის მზადყოფნა გამოთქვა. სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებული აქვს. ცნობისათვის, ეს ქვეყანა, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა. იმავდროულად, მის სავაჭრო პლატფორმებზე ვალუტების ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
იუსტიციის მინისტრის შემდეგ, სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებული დადგენილება ჯერ დამტკიცებული არ არის. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ციფრული ვალუტების ბაზარი კონტროლის ქვეშ მოექცეს. ამას გუშინ ფასების ზრდა მოჰყვა.
მაგრამ დღეს ციფრული ვალუტების ბაზარმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. ამჯერად ჩინეთიდან. ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილე, პან გონშენმა განაცხადა, რომ მთავრობა ვირტუალური ვალუტებით ცენტრალიზებული ვაჭრობის აკრძალვას გეგმავს, რითაც ამ ბაზართან დაკავშირებული რისკების შემცირებას იმედოვნებს. უფრო მეტიც, იგეგმება იმ ინდვიდუალური პირების და ინსტიტუციების შეზღუდვაც, რომლებიც საბაზრო აქტივობების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. მაგალითად, მომხმარებლებს ციფრული ვალუტების საფულეებს სთავაზობენ.
შარშან ჩინეთის მთავრობამ ე. წ. ICO-ს ბიზნესი აკრძალა, დახურა ქვეყანაში მოქმედი ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმები და ბიტკოინის მოპოვებაც (მაინინგი) შეზღუდა, თუმცა ამით ციფრული ვალუტების ბაზარზე აქტივობები ოდნავ შეიზღუდა, რადგან დაინტერესებული პირები და კომპანიები ვაჭრობას ალტერნატიული გზებით ახერხებდნენ.
ყველაფერთან ერთად, ჩინეთში იგეგმება იმ ადგილობრივი და უცხოური ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების დაბლოკვა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეებს, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს.
მერაბ ლორთქიფანიძე