10 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 50%-ით გაუფასურდა

გასულ წელს 2007 წელთან შედარებით ლარი აშშ დოლარის მიმართ 50%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებაში- 24%-ით გაუფასურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით თვალშისაცემია 2015 წელს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში 29%-იანი გაუფასურება.

„განსხვავებული სურათი იკვეთება საქართველოს ახლო სამეზობლოსთან მიმართებაში. 2017 წელს 2007 წელთან შედარებით ლარის კურსი თურქული ლირას მიმართ 46%-ით, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი 25%-ით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი ლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა 2016 წელს (34%), მანამდე კი მანათი-ლარის გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურობით ხასიათდებოდა. 2007 წელთან შედარებით 2017 წელს ლარი ასევე გამყარდა სომხური დრამის მიმართ (6%-ით). რაც შეეხება რუსულ რუბლს, 2017 წელს ლარის კურსი რუსული რუბლის მიმართ 2007 წლის პერიოდთან შედარებით 34%-ით გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსი რუსული რუბლის მიმართ, სხვა ვალუტებისგან განსხვავებით რყევებით არ ხასიათდება თუ წლიურ საშუალოს განვიხილავთ. 2014 წლიდან 1 რუბლის საშუალო წლიური კურსი სტაბილურად 0.04 ლარს შეადგენს,“-ნათქვამია კვლევაში.