2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი უნდა ამოქმედდეს. ცვლილება, რომელზეც კარგა ხანია საუბრობენ, წელს რეალურად შედის ძალაში. აღნიშნული გადასახადის გადახდა 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს მოუწევთ, კერძოდ: 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებმა ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,05% და არაუმეტეს 0,2 % უნდა გადაიხადონ. ხოლო 100 ათასი ლარის, ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადი ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,8% და არაუმეტეს 1% იქნება. ამ გადასახადის დაწესებას სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ავტომობილებზე ქონების გადასახადის შემოღება ამ სფეროში ბევრს ვერაფერს შეცვლის:
დავით მესხიშვილი - ასეთი გადასახადი ყველა ევროპულ ქვეყანაშია და ავტოპარკის განახლებას ემსახურება, თანაც, ეს ქვეყნები გარემოს გაჯანსაღებას მსგავსი ღონისძიებებით ცდილობენ. ჩვენთან კი, ეს გადასახადი არაფერზე არაა მორგებული, ის არც ავტოპარკის განახლებას ემსახურება და არც სხვა რამეს. ამ გზით ბიუჯეტშიც ვერ შევა მნიშვნელოვანი თანხა, რადგან ქვეყანაში ძალიან ცოტაა ხალხი, ვისაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს ანუ ეს საბიუჯეტო ნაწილშიც არ იქნება წარმატებული ცვლილება. თავდაპირველად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ქონების გადასახადი ავტომანქანის ასაკის მიხედვით უნდა დადგენილიყო, რაც ჩემი აზრით, დაუშვებელია. ახლა კი, საუბარია იმაზე, რომ გადასახადი ავტომობილის ღირებულების მიხედვით უნდა განისაზღვროს, აქაც ბევრი კითხვა ჩნდება - რომელი ღირებულების? - ჩვენთან ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა ისე ხდება, რომ მისი ფასი ხშირად არსად ფიქსირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მოუმზადებელი გადაწყვეტილებაა და ბევრს ვერაფერს შეცვლის. ისიც საკითხავია, რამდენად ახერხებს სახელმწიფო მძღოლის შემოსავლების კონტროლს, ან საიდან დაადგინეს ეს მარჟა - 0,05 და 0,2 პროცენტი? არანაკლებ გვაინტერესებს, რა იგულისხმება ავტომობილის ღირებულებაში? - შეიძლება ადამიანს 8-10 წლის განმავლობაში ჰყავდეს ერთი ავტომობილი და საიდან უნდა გავარკვიოთ, ადრე რა ღირდა, ან ახლა რა ღირს? ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან ბუნდოვანი ცვლილებაა და მისი ამოქმედება სწორი არ არის. ჩვენი თვალდახედვით გადასახადი უნდა დაწესდეს მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებზე, რომლებიც გარემოს უფრო მეტად აბინძურებენ. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, მათი მფლობელები ყველაზე მეტად უნდა წაახალისონ, რომ ქვეყანაში ახალი ავტოპარკი შეიქმნას. ეს გადასახადი კი, საერთოდ არც ერთ მოთხოვნას არ პასუხობს. აქვე ჩნდება ეჭვი - ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტად დაიბეგრონ? „ფული აქვს და გადაიხადოს“ - ასეთი მიდგომა საქართველოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ნამდვილად არ არის სწორი და გამართლებული.
ამავე საკითხის შეფასება საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს - შალვა ოგბაიძეს ვთხოვეთ:
შალვა ოგბაიძე - დავიწყებ იმით, რომ დედაქალაქის მერმა - კახა კალაძემ წინსაარჩევნო კამპანიის დროს წარმოადგინა თავისი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაა. ეს გეგმა პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს და იმას, რომ მსუბუქი ავტომობილების მფლობელებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლონ. ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ავტომობილებზე ქონების გადასახადის დაწესებაა. ეს ცვლილება 40 ათასი ლარის, ან უფრო მეტი შემოსავლის მქონე პირთა ავტომფლობელებს შეეხება. მე რომ პარლამენტში ვიყო, საკითხს ასე დავსვამდი: ვინ უნდა იხდიდეს უფრო მეტს - ის, ვისაც უფრო ასაკოვანი ავტომობილი ჰყავს თუ ახალი? ტექნიკურად გაუმართავი თუ გამართული, მეტი კუბატურის მქონე თუ ნაკლებისა, ან რამდენს უნდა იხდიდნენ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები? - ეს პრობლემები მარტო მე კი არა, მთელ ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.
შალვა ოგბაიძის აზრით მძღოლის შემოსავალს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ იმას, თუ რამდენად აბინძურებს გარემოს მისი ავტომობილი:
-წესით, ვინც ჰაერს აბინძურებს, უფრო მეტს უნდა იხდიდეს. 40 ათასი ლარის შემოსავლის მქონე ადამიანს ამ გადასახადის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს. ავტომანქანის ღირებულების 0,05 პროცენტი არ არის ის თანხა, რომელსაც ავტომფლობელი ვერ გადაიხდის. ეჭვი მეპარება, რომ 20 ათას დოლარიანი მანქანის მფლობელმა, რომელსაც შემოსავალი 40 ათასი ლარი აქვს, ეს გადასახადი ვერ გადაიხადოს. რა თქმა უნდა, თავიდან ავტომობილებზე დაწესებულ გადასახადს სერიოზული ფისკალური ეფექტი არ ექნება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. არ არის გამორიცხული ამ ცვლილებამ მომავალში უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს. სხვათა შორის, საზღვარგარეთ სატრანსპორტო საშუალებები ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი სოლიდური წყაროა. ჩვენც ამას უნდა მივაღწიოთ, ოღონდ, ეტაპობრივად: მთავარია ეს არ იყოს იმხელა ტვირთი, რომელიც მძღოლის მდგომარეობას ძალიან დაამძიმებს და გააუარესებს.
ხათუნა ჩიგოგიძე