დედაქალაქის საკრებულომ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაადგინა.
საკრებულოს 16 იანვრის დადგენილებით, თბილისის მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 180 ლარი, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 6 300, ხოლო მოადგილის - 6 150 ლარია. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერს 5 მოადგილე ყავს.
ამავე დადგენილების თანახმად, მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 000 ლარი, მისი პირველი მოადგილის - 4 000 ლარი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების კი 3 600 ლარია. ცნობისთვის, მერიის ადმინისტრაციის უფროსს 3 მოადგილე ყავს.
ჯამში, მერიის ადმინისტრაციის, მერისა და მისი მოადგილეების საშტატო რიცხოვნობა 115 პირს შეადგენს, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარიდან 6300 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 664 ლარია, ხოლო მისი პირველი მოადგილის - 4 720 ლარი.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილის ყოველთვიური სარგო 4 560 ლარია. თბილისის საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივი სარგოები კი თვეში - 4 160 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო კი 3 980 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საკრებულოს სხვა თანამშრომლებს, საშტატო რიცხოვნობა ჯამში 194-ია და თანამდებობრივი სარგოები 1600 ლარიდან - 2800 ლარამდე მერყეობს.