რა დაუჯდება ბიუჯეტს დაგროვებითი პენსიის ამოქმედება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა.

როგოროც კანონპროექტშია აღნიშნული, სისტემის ამოქმედება გავლენას მოახდენს როგორც ბიუჯეტის საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სისტემის ამოქმედების შედეგად, ბიუჯეტში სრულ წელზე ჯამურად, დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე ნაკლები თანხის მობილიზება მოხდება.

„მონაწილის კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა, აქედან გამომდინარე ბიუჯეტს საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო სრულ წელზე გათვლით, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს შემოსავლიდან და შეამციროს მოგების დასაბეგრი ბაზა, დაახლოებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს 23 მლნ ლარამდე. ჯამურად სრულ წელზე დაახლოებით 40 მლნ ლარამდე ნაკლებით მობილიზდება ბიუჯეტში,“-ვკითხულობთ კანონპროექტში.

ამასთან, პროექტის თანახმად, სისტემის ამომედება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზეც. კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემის ამოქმედების შემდეგ სრულ წელზე საბიუჯეტო ხარჯი 150 მილიონ ლარამდე იქნება.

„სისტემის ამოქმედების შემდგომ სრულ წელზე საბიუჯეტო ხარჯი შეადგენს 150 მლნ ლარამდე. საბიუჯეტო ხარჯი 2018 წელს წარმოადგენს დაახლოებით 90 მლნ ლარს, რადგან სისტემა ჩაირთვება 2018 წლის მესამე კვარტლიდან. ასევე, კანონის პროექტით განსაზღვრულია საპენსიო სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოს ამოქმედებიდან პირველი სამი წელი. პირველი წლის სააგენტოს ხარჯი დაახლოებით შეადგენს 5 მლნ ლარს, საიდანაც ძირითადად სახელფასო ხარჯს წარმოადგენს, რადგან საინვეტიციო საბჭოს წევრები იქნებიან საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრები,“-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საბოლოო სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 9 მარტია.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამქომედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება. სისტემის მიხედვით, დასაქმებული, დამსაქმებლი და სახელმწიფო ვალდებულნი იქნებიან საპენსიო ფონდში დასაქმებულის დაუბეგრავის ხელფასის 2%-2% შეიტანონ.