ილონ მასკს 10 წელი ხელფასს არ გადაუხდიან

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ, მისი დამფუძნებლისთვის ხელფასისა და ნებისმიერი სახის ჯილდოს გადახდის ახალი სისტემის შესახებ გამოაცხადა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, ახალი სისტემა ითვალისწინებს ილონ მასკისთვის გაწეული სამსახურის ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია მიაღწევს დასახულ მიზნებს, რომელიც გაწერილია მომდევნო 10 წელიწადზე. გეგმის თანახმად კი კომპანიის კაპიტალიზაციამ უნდა შეადგინოს 650 მილიარდი დოლარი.

„ილონი ვერ მიიღებს გარანტირებულად ვერც ხელფასს, ვერც დანამატს, ვერც აქციებს, სანამ განსაზღვრული დრო არ გაივლის“ - ნათქვამია განცახდებაში.

კომპანიის გეგმის თანახმად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში მიღწეული მიზნის შემდეგ, მასკი მიიღებს 12 ტრანშს ჯილდოს სახით, რომელიც იქნება აქციების 1%, იმ დროს არსებული ღირებულების შესაბამისად, ანუ 1,69 მილიონ ცალ აქციას. პირველი ტრანშის მიღების დროისთვის Tesla-ს კაპიტალიზაცია უნდა გაიზარდოს 100 მილიარდ დოლარამდე (ამ დროისთვის ის 59,67 მილიარდია). ყოველ მომდევნო ტრანშს მასკი მიიღებს მონაცემების 50 მილიარდით გაზრდის შემდეგ. შესაბამისად, 10 წელიწადში კაპიტალიზაციამ უნდა შეადგინოს 650 მილიარდი დოლარი, რაც 10,5-ჯერ მეტია, ვიდრე ამჟამინდელი მაჩვენებელი.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ მასკი ვერ მიიღებს ვერანაირ კომპენსაციას, თუ ის 10 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს ვერცერთ ტრანშს. ანაზღაურების ახალი სისტემა კომპანიის აქციონერებმა უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

კოკა კვირკველია