ძაღლების გასეირნება ალიკაპისა და საბლის გარეშე შესაძლოა, მხოლოდ 22:00-08:00 პერიოდში იყოს შესაძლებელი

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტში „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინეს.

როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონი ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, მათი მოვალ-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს განსაზღვრავს.

საკანონმდებლო წინადადებაში განსაზღვრულია დღის განმავლობაში კონკრეტული პერიოდი, რა დროსაც საბელისა და ალიკაპის გარეშე იქნება ძაღლის გასეირნება შესაძლებელი. თუმცა, ამ დროსაც ძაღლი მეთვალყურის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ( ქუჩა, სტადიონი, სკვერი, პარკი და ა.შ.) ძაღლების გასეირნება ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით. ხოლო მათ გარეშე მოქალაქეებს ძაღლების გასეირნება 22:00 საათიდან დილის 8 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ფიზიკური პირები, რომლებიც ცხოველების კომერციულ მოშენებასა და მათ პერმანენტულ რეალიზაციას ეწევიან, ვალდებულნი იქნებიან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად დარეგისტრირდნენ.

ასევე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დაუშვებელია, ცხოველთა მიმართ აუდიოვიზუალური თუ სხვა სახის პროდუქციის გავრცელება, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უწევს პროპაგანდას.